ხვალიდან სტომატოლოგიური კლინიკები გეგმურ მომსახურებას განაახლებენ
ხუთშაბათი, 21 მაისი, 2020 - 16:42

ხვალიდან ქვეყნის მასშტაბით გეგმური სტომატოლოგიური მომსახურება აღდგება. საქმიანობის განახლება აღნიშნული პროფილის ნებისმიერ კლინიკას შეეძლება, თუმცა პარალელურად გაგრძელდება 11 მაისიდან დაწყებული მონიტორინგი, რომლის მიზანიც არის „კოვიდ-19“-ის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებულებების მიერ რეკომენდაციების შესრულების შემოწმება.

როგორც საქართველოს პირველ არხს სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოდან აცნობეს, ამ მომენტისთვის სააგენტოში გეგმური სტომატოლოგიური მომსახურების დაწყების თაობაზე შევიდა 279 შეტყობინება, შემოწმდა 191 ობიექტი, რომელთაგან 164 შემთხვევაში კლინიკას საქმიანობის განხორციელების უფლება მიეცა.

რაც შეეხება ტარიფებს, როგორც სტომატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტმა, ქეთი გოგილაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა, კლინიკების დიდ ნაწილს მომსახურების გაძვირება მოუწევს, რადგან მათთვის დაწესებული ახალი რეგულაციები გარკვეულ ფინანსურ დანახარჯს ითვალისწინებს. გოგილაშვილს მაგალითად მოჰყავს რესპირატორები, ბარიერები, თერმოსკრინინგის აპარატი და სხვა ინვენტარი, რომელსაც „კოვიდ-19“-ის გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებით მიღებული რეგულაციები ითვალისწინებს. ასოციაციის პრეზიდენტის თქმით, კლინიკების ნაწილმა აღნიშნული ხარჯი ცალკე ტარიფში ასახა. მაგალითად, არის შემთხვევები, როდესაც კლინიკები მომხმარებლისგან მომსახურების საფასურის გარდა 20 ლარის გადახდას ითხოვენ. თუმცა, მისი თქმით, თითოეული სამედიცინო დაწესებულება თავად იღებს ფინანსურ გადაწყვეტილებებს.

ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების გამო, 22 მაისამდე, გეგმური სტომატოლოგიური მომსახურება აკრძალულია.

11 მაისიდან კი, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს და შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა სტომატოლოგიური დაწესებულებების მონიტორინგი დაიწყეს. რაც შეეხება რეკომენდაციებს, რომელთა დაცვაც სტომატოლოგიური კლინიკების ოპერირებისთვის აუცილებელი პირობაა, ისინი შემდეგ ვალდებულებებს გულისხმობს:

დაწესებულება აღჭურვილი უნდა იყოს ბუნებრივი ან ხელოვნური ვენტილაციის სისტემით, დარბაზულ სისტემაში მომუშავე ბორმანქანებს შორის ოთხ მეტრიანი დისტანცია უნდა იყოს დაცული, რეგისტრატურასთან განთავსდეს მინის ან ორგანული მინის დამცავი ბარიერი. კლინიკაში უნდა იყოს ინფექციების პრევენციასა და კონტროლზე პასუხისმგებელი პირი, პერსონალი უნდა იყოს აღჭურვილი პერსონალური დაცვის საშუალებებით, მათ შორის N95 ან უფრო მაღალი დაცვის დონის რესპირატორით. პაციენტებმა კი, უნდა გაიკეთონ ნიღბები, დამცავი სათვალე და ბახილები.

მსგავსი სიახლეები