პროკურატურამ ბრალდებულებისთვის სატელეფონო ზარების განხორციელების ვადა გაახანგრძლივა
ხუთშაბათი, 23 აპრილი, 2020 - 11:09

საქართველოს პროკურატურამ ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და სოციალური დისტანციის დაცვის მიზნით, პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ იმ ბრალდებულებს, რომელთაც სატელეფონო კომუნიკაცია ბრალდების მხარის მიერ აქვთ შეზღუდული, სატელეფონო ზარების განხორციელების შესაძლებლობა 22 მაისამდე გაუგრძელა. ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, საქართველოს პროკურატურამ აღნიშნულ საკითხზე იუსტიციის სამინისტროს უკვე მიმართა.

„ბრალდებულებისთვის სატელეფონო საუბრის დაშვების გადაწყვეტილება განპირობებულია ოჯახების მხრიდან გაზრდილი ინტერესით მათი მდგომარეობის თაობაზე და აღნიშნული გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს დისტანციურად ოჯახების მეტად ინფორმირებას. აღნიშნული შეღავათის დაწესება ასევე შეამცირებს მათი ადვოკატების დამატებით ვიზიტს პენიტენციურ დაწესებულებებში, რაც ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციას შეუწყობს ხელს“, – ნათქვამია საქართველოს პროკურატურის განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები