მშობლები თავის ორეულებს ქმნიან
სამშაბათი, 24 დეკემბერი, 2019 - 17:05

მშობლები თავიანთ ორეულებს ქმნიან. არ აძლევენ შვილებს არჩევანის გაკეთების უფლებას, ბოლოს შვილი ყველანაირად ემსგავსება მშობელს. შვილებს თავისი შეხედულებისამებრ ზრდიან და თავიანთ ფიქრებს უდებენ თავში. არც კი ეკითხებიან მათ, ხომ არ არის დამღლელი სხვისი ნააზრევის მუდმივი გამეორება და შეფარული ფრაზის ქვეშ საუბარი. მშობლები შვილებს უფროსების საუბარში ჩარევას უკრძალავენ და ყველაზე ხშირად, მკაცრი ტონით ეუბნებიან, რომ გაჩუმდნენ ან ყურადღებას საერთოდ არ აქცევენ მათ სიტყვებს. წლების შემდეგ კი უკვირთ, რატომ ცხოვრობენ მათი შვილები არასრულყოფილების კომპლექსის ქვეშ. რატომ ვერ აღწევენ წარმატებას და სათქმელს თავდაჯერებულები რატომ ვერ ამბობენ.

მშობლები არ უსმენენ შვილებს. ფიზიკურად კი ესმით, მაგრამ ემოციურად არ უსმენენ. უამრავ 15-16 წლის გოგოს გადაუსვამს მაჯაზე სამართებელი იმ იმედით, რომ ფიზიკური ტკივილი, მათ სულიერ ტკივილს ჩაახშობდა და ვისი ბრალია?! მშობლების! რატომ? იმიტომ, რომ არ უსმენენ მშობლები შვილებს! იმ ემოციას, რასაც ბავშვი გრძნობს, გარეთ გამოსვლა სჭირდება. უფროსებისგან განსხვავებით, ბავშვები ვერ ახერხებენ ტკივილის გულში ჩახშობას და გამოხატვას ცდილობენ.

აი ზუსტად მაშინ არის მშობელს და შვილს შორის ემოციური საუბრის დრო, მაგრამ მშობლები არ უსმენენ შვილებს. შვილები გაიზრდებიან, შევლენ ასაკში და ინანებენ, რომ მხოლოდ ერთი სიცოცხლე ჰქონდათ და ისიც ფუჭად დახარჯეს, სხვისი ცხოვრებით ცხოვრებაში. დაადანაშაულებენ მშობლებს, რომ არ მისცეს ოცნებების ახდენის ნება. რაც უფრო მაღლა მიფრინავდა ბუშტი, მით უფრო თოკით ექაჩებოდა მას ვიღაც და არ აძლევდა გაფრენის ნებას.

მე მესმის, ყველა მშობლეს უნდა თავისი შვილი ბედნიერი იხილოს, ასაკში შესულმა მისით იამაყოს, მაგრამ იმას არ ფიქრობენ, რა გახდით ბედნიერს. არის ასევე მშობლების მეორე კატეგორიაც, რომლებმაც ვერაფერს მიაღწიეს ცხოვრებაში და მუდმივად ჩასჩიჩინებელ შვილებს, შენც ვერაფერს მიაღწევო. სწორედ ეს ვიგულისხმე, როდესაც ვთქვი, რომ მშობლებმა ფრთები მომაჭრეს-მეთქი, უბრალოდ ჩემი ხასიათიდან გამომდინარე, მაინც მიზანდასახულად ვიბრძვი ჩემი მიზნების განხორციელებისთვის, მაგრამ ზოგი ნებდება. ვიღაცის მიერ ნათქვამი “შენ ამას ვერ შეძლებ„ უნდა იყოს მოტივაცია ყველა ადამიანისთვის. უნდა დაუმტკიცო შენს თავს, რომ სურვილი შიშზე ძლიერია და ბევრი შრომით შეგიძლია ნებისმიერ დაბრკოლებას გაუმკლავდე. რაც უფრო რთულია გასავლელი გზა, მეტად ტკიბილია წარმატების მიღწევით განცდილი ბედნიერება.

ავტორი: ანრი გოზალიშვილი

მსგავსი სიახლეები