თბილისში ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერაზე დასასწრები ყველა ბილეთი გაყიდულია
სამშაბათი, 05 ნოემბერი, 2019 - 15:08

თბილისში ამ დროისათვის ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენებაზე დასასწრები ყველა ბილეთი გაყიდულია, მაღალი ინტერესია ფილმის მიმართ ბათუმშიც, – ამის შესახებ კინოთეატრ „ამირანის“ მარკეტინგის დირექტორმა, გვანცა გარმელიამ განაცხადა.

მისი თქმით, ფილმის პრემიერა კინოთეატრებში 8 ნოემბერს გაიმართება და თუკი კინოჩვენების პროცესში რაიმე პრობლემა შეიქმნება, კინოთეატრი საგამოძიებო უწყებებთან ითანამშრომლებს.

„ჩვენთვის მთავარია მაყურებლის ინტერესები, ყოველთვის მათზე ვზრუნავთ და შესაბამისად, პრემიერაც ჩატარდება. ჩვენ მაქსიმალურად უზრუნველვყოფთ, რომ უსაფრთხოდ ჩატარდეს კინოჩვენება და თუ ამას საჭიროება მოითხოვს, სამართალდამცველებთანაც ვითანამშრომლებთ. ამ ფილმის მიმართ, ინტერესი ძალიან მაღალია, რადგან როგორც იცით, ფილმმა სხვადასხვა ფესტივალზე ჯილდოები აიღო. შესაბამისად, ბუნებრივია, რომ ინტერესი იყოს. ამ დროისთვის, თბილისში გაიყიდა ბილეთების 100%. ასევე, საკმაოდ მაღალია ინტერესი ბათუმში“, – განაცხადა „ამირანის“ მარკეტინგის დირექტორმა.

„და ჩვენ ვიცეკვეთ“ (Aნდ თჰენ ჭე Dანცედ) კანის კინოფესტივალის ერთ-ერთ საკონკურსო სექციაში Dირეცტორ’ს Fორტნიგჰტ, 25 ფილმს შორის მოხვდა. სიუჟეტი ახალგაზრდა მოცეკვავის შესახებ არის, რომლის ცხოვრებაც რადიკალურად მას შემდეგ იცვლება, რაც ამბიციური მეტოქე უყვარდება. ფილმის ავტორი ქართული წარმოშობის შვედი რეჟისორი ლევან აკინია.

„ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების” თავმჯდომარე გურამ ფალავანდიშვილი აცხადებს, რომ ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერაზე მაყურებლებს თბილისისა და ბათუმის კინოთეატრებში არ შეუშვებენ. „ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოებას“ მხარს უჭერს ყოფილი დეპუტატი დიმიტრი ლორთქიფანიძეც. ის არ გამორიცხავს, რომ „ამირანსა“ და „აპოლოში“ ჩვენების დროს ელექტროენერგია გაითიშოს.

მსგავსი სიახლეები

ექსკლუზივი