საქართველოს ამერიკელი კონგრესმენები ადამ კიზინგერი და ალექს მუნი ეწვევიან
სამშაბათი, 05 ნოემბერი, 2019 - 11:45

საქართველოს 5-9 ნოემბერს საქართველოს მხარდამჭერი ჯგუფის თანათავმჯდომარე რესპუბლიკელი კონგრესმენი ადამ კიზინგერი და კონგრესმენი ალექს მუნი ეწვევიან. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ვიზიტის ფარგლებში კონგრესმენები შეხვედრებს გამართავენ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან, თავდაცვის მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარესთან.

კონგრესმენები ეწვევიან საოკუპაციო ხაზს და ადგილზე გაეცნობიან არსებულ ვითარებას. ვიზიტის ფარგლებში ბათუმში კონგრესმენები მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაში. კონგრესმენები ეწვევიან ბათუმისა და ფოთის პორტებს. დელეგაციის შემადგენლობაში ასევე შედიან აშშ-სა და საქართველოს მეგობრობის ასოციაციის წევრები და ბიზნესწრეების წარმომადგენლები.

საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, ადამ კიზინგერი საქართველოს აქტიური მხარდამჭერია, რაც მის საკანონმდებლო ინიციატივებსა და საჯარო გამოსვლებში გამოიხატება. კიზინგერი აშშ-ის კონგრესის მიერ 2019 წელს მიღებული საქართველოს მხარდამჭერი აქტის თანაინიციატორია; ასევე კიზინგერის ხელმოწერაა 29 კონგრესმენის მიერ აშშ-ის სავაჭრო პალატის წარმომადგენლისთვის მიწერილ წერილში, სადაც საუბარია საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმების მნიშვნელობაზე. კიზინგერი აქტიურად გამოდის კონგრესის მოსმენებზე საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის გზავნილებით და გმობს რუსეთის სამხედრო აგრესიას საქართველოში.

კონგრესმენი კიზინგერი საქართველოს მეორედ სტუმრობს. რაც შეეხება წარმომადგენელთა პალატის საფინანსო სერვისების კომიტეტის წევრს, კონგრესმენ მუნს, ის საქართველოს პირველად ეწვევა.

მსგავსი სიახლეები

ექსკლუზივი