მარიამ ჯაშმა მსჯავრდებული მოინახულა, რომლის ინიციატივითაც განათლების კანონსა და პატიმრობის შესახებ კოდექსში ცვლილებები შევიდა
შაბათი, 02 ნოემბერი, 2019 - 12:48

იმ მსჯავრდებულებს, რომლებმაც 2019 წელს სამაგისტრო გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და ვერ მოიპოვეს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხვის უფლება, საშუალება ექნებათ, 2019-2020 სასწავლო წელს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩაირიცხონ.
 
შესაბამისი ცვლილებები „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში უკვე შევიდა.
 
მსჯავრდებული ნიკა ჩუგოშვილის მიერ კომიტეტისადმი მიმართული თხოვნის საფუძველზე, კანონმდებელმა უმაღლესი განათლების შესახებ კანონსა და პატიმრობის შესახებ კოდექსში შესატანად ცვლილება მოამზადა, რომელიც პარლამენტმა მიმდინარე სასესიო კვირაში დაჩქარებული წესით მიიღო. 
 
საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა რუსთავის N16 დაბალი რისკის პენიტენციურ დაწესებულებაში 23 წლის მსჯავრდებული ნიკა ჩუგოშვილი მოინახულა.
მარიამ ჯაშმა ნიკა ჩუგოშვილს ის სახელმძღვანელოები გადასცა, რომლებიც პატიმარს მის მიერ შერჩეულ სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის პროცესში დასჭირდება.
 
„ნიკა ჩუგოშვილი სწავლის ყველა ეტაპზე იყო წარმატებული მოსწავლე, ფლექსის პროგრამის მონაწილე, კავკასიის უნივერსიტეტის ბაკალავრიატის საფეხურის წარჩინებული კურსდამთავრებული. მას გეგმები ჰქონდა საფრანგეთსა და ევროპის სხვა უნივერსიტეტებში გაეგრძელებინა სწავლა, მაგრამ გარკვეული გარემოებების გამო აღმოჩნდა სასჯელაღსრულების სისტემაში. მან ჩააბარა სამაგისტრო პროგრამაზე და ბარიერი, რომლის გამოც სწავლას ვერ იწყებდა, აღმოფხვრილია. ძალიან სიმბოლურია, რომ ნიკა ხდება საჯარო პოლიტიკის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი და მან პირველი ცვლილება საჯარო პოლიტიკაში უკვე განახორციელა, თუნდაც სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან. ეს არის საუკეთესო მაგალითი, თუ როგორ შეუძლია ერთ კონკრეტულ პატიმარს, როგორც სისტემის ჰუმანიზაცია, ასევე სხვა მსჯავრდებულებისთვის გზის გახსნა, რომ მათ გაუმარტივდეთ როგორც აკადემიურ, ისე პროფესიულ სივრცეში დაბრუნება“, – განაცხადა მარიამ ჯაშმა.
 

მსგავსი სიახლეები

ექსკლუზივი