"ნაციონალურმა მოძრაობამ" ფრაქციის სხდომა ჩაშალა და აქციას შეუერთდა
პარასკევი, 06 სექტემბერი, 2019 - 13:41

პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებმა დატოვეს ფრაქციის სხდომა, სადაც ფრაქციის წევრები პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს გიორგი გახარიასა და მინისტრობის კანდიდატს ხვდებოდნენ.

სხდომაზე დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა ფრაქციის თავმჯდომარე რომან გოცირიძეს მიმართა, რომელიც სხდომას უძღვებოდა. მისი თქმით, სწორად არ მიაჩნია, რომ დღეს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს მოუსმინონ. მან სხდომის შეწყვეტა მოითხოვა.

„სხდომის თავმჯდომარეს მივმართავ, ბატონო რომან ჩემი მოთხოვნაა, რამდენადაც ჩვენ როგორც ვხედავთ აქ არანაირი პასუხი არც ერთ შეკითხვაზე არ არსებობს, რაც დაისვა და როგორც ჩანს, არ უშვებენ  საქართველოს მოქალაქეებს, მათ შორის ბატონი გახარიას მიერ თვალებდათხრილ მოქალაქეს არ უშვებენ საქართველოს პარლამენტში. მე არ მიმაჩნია სწორად, რომ ჩვენ მოვუსმინოთ დღეს აი, ამ სისხლის სამართლის დამნაშავეს, რომელიც დღეს საქართველოს პარლამენტის ტრიბუნიდან მოგვმართავს და ვითხოვ, რომ შევწყვიტოთ სხდომა და შევუერთდეთ გარეთ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებსაც დღეს საქართველოს პარლამენტის კარები ჩაუკეტა ბატონმა გახარიამ. ბატონო გახარია, თქვენ საკუთარი ძალიან მოკლევადიანი, დარწმუნებული ვარ, პრემიერ-მინისტრობის ვადის გატარება მოგიწევთ ძალიან ძლიერი დაცვის ქვეშ და ვერც ერთ მოქალაქეს ვერასდროს დაელაპარაკებით თავისუფლად, იმიტომ რომ აი, ამ რეჟიმში გიწევთ დღეს საკუთარი საქმიანობის დაწყება, კარებ ჩაკეტილ პარლამენტში. მე მოვითხოვ სხდომის შეწყვეტას“, – განაცხადა სამადაშვილმა.

ამის შემდეგ სხდომა შეწყდა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა დარბაზი დატოვეს და პარლამენტის გარეთ მიმდინარე აქციას შეუერთდნენ.

მსგავსი სიახლეები

ექსკლუზივი