ირაკლი ღარიბაშვილი: ნატოსთან და პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობა ჩვენი თავდაცვითი ძალების განვითარების ერთ-ერთ მთავარ ქვაკუთხედს წარმოადგენს
ხუთშაბათი, 05 სექტემბერი, 2019 - 13:00

„საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების  პოლიტიკის მტკიცე და ურყევ  პრიორიტეტად ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია რჩება,“ - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე პროგრამის წარდგენისას განაცხადა.

მისი თქმით, ამ მიმართულებით საქართველოს მთავრობის მიერ გაწეული ძალისხმევის მნიშვნელოვანი ისტორიული შედეგი სახეზეა.

„გვაქვს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმი, ნატოში და ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ყველა ღონეს ვხმარობთ, რომ საკუთარი ძალებით და პარტნიორებთან აქტიური თანამშრომლობით ეტაპობრივად მოვახდინოთ ქვეყნის თავდაცვის ძალების განვითარება და ნატოსთან მაქსიმალური თავსებადობის მიღწევა.“ 

თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ არსებულ საფრთხეებთან გამკლავებასა და საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის უზრუნველსაყოფად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიზანს მდგრადი, ეფექტური და ქმედითი თავდაცვის სისტემების ჩამოყალიბება წარმოადგენს.

 „ამ მიზნის მისაღწევად ვხელმძღვანელობთ დემოკრატიული პრინციპებით და დასავლური ღირებულებებით. საქართველოს თავდაცვის ძალების გაძლიერება, მინდა მკაფიოდ და ხაზგასმით აღვნიშნო, არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული და მიზნად ისახავს მხოლოდ თავდაცვის შესაძლებლობების გაზრდას და ემსახურება ჩვენს რეგიონში უსაფრთხოების განმტკიცებას", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაცვის ძალების განვითარების პროცესში ნატოსთან   თანამშრომლობის მნიშვნელობასა და ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოების განმტკიცებაში საქართველოს როლზე გაამახვილა ყურადღება.

„ჩვენი ჯარისკაცების დაუღალავი ძალისხმევით, ჩვენმა ქვეყანამ, როგორც საიმედო და ღირსეულმა პარტნიორმა, მნიშვნელოვანი ადგილი დაიმკვიდრა ევროატლანტიკურ უსაფრთხოების მთელს არქიტექტურაში. საქართველოს ნატოში გაწევრიანება, ქვეყნის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის უმთავრეს პრიორიტეტად რჩება. საქართველო დღეს ნატოს ღირსეული  სტრატეგიული პარტნიორია. ჩვენ ვართ სანდო მოკავშირე და ყველაზე თავსებადი ასპირანტი სახელმწიფო  მთელს რეგიონში. ჩვენი ჯარისკაცების, მათი გმირობის დამსახურებაა ის, რომ საქართველოს მნიშვნელოვანი კონტრიბუცია შეაქვს ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოების განმტკიცებაში. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვაგრძელებთ ნატოსთან თანამშრომლობის განხორციელებას და ალიანსის წინაშეა აღებული ვალდებულებების და რეკომენდაციების ზედმიწევნით შესრულებას პრინციპით - უფრო მეტი ნატოს საქართველოში და მეტი საქართველო ნატოში,“ - აღნიშნა თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა. 
 

 

მსგავსი სიახლეები

ექსკლუზივი