"თქვენ აიძულეთ ბიძინა, წასულიყო დათმობაზე"
სამშაბათი, 25 ივნისი, 2019 - 14:05

„გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე საქართველოში მიმდინარე მოვლენებს  სოციალურ ქსელში ვრცელი სტატუსით ეხმიანება:

„მადლობით დავიწყებ

რაც არ უნდა ილაპარაკონ და რა კონსპირაციის თეორიებიც არ უნდა თხზან ანგაჟირებულმა ხალხმა, გუშინ ისტორიული მნიშვნელობის რამე მოხდა

მოხდა ის, რაც დიდი ხნის წინ იყო გასაკეთებელი, მაგრამ ამის გაკეთების - ძალაუფლების დათმობის - არც სურვილი და არც ერთი ადგილი ამ ქვეყანაში არ აღმოაჩნდა არც ერთ ხელისუფლებას

და ამის შემოქმედი ხართ თქვენ, რუსთაველზე მდგომი ადამიანები - თქვენ აიძულეთ ბიძინა წამოსულიყო დათმობაზე

მადლობა ამისთვის!

რა არ მომწონს:

1. ‘ცნობილი’ პოლიტიკოსები მიკროფონს კი არა, ტელევიზიებსაც უნდა მოაცილოთ (გუშინ საღამოს პირველად ვუყურე საინფორმაციოებში აქციის გაშუქებას)

ნუ ალაპარაკებთ თქვენი სახელით. ყველგან ეგერი არიან ტრაფარეტული სახეებით და მესიჯებით

მათგან მხოლოდ არაგულწრფელობა და სიყალბე მოდის

თქვენგან განსხვავებით, ისინი არ არიან მართლა გაბრაზებული იმით რაც მოხდა რუსთაველზე რამდენიმე ღამის წინ და, რაც მთავარია, იწვებიან რომ გამარჯვების რწმენა არ აქვთ, ისევ მესიას ელოდებიან - ამას ასხივებენ! (გუშინ ცოტა შეიცვალა ეს)

მეტწილად იგივეს თქმა შეიძლება ე.წ. ცნობად სახეებზეც - ჩანან ხელოვნურად გაბრაზებული და ყალბი

თუ რამე მართლა აგდებს აქციის მუხტს და უკლავს სურვილს ტელევიზორებთან მსხდომთ შემოუერთდნენ აქციას - სიყალბე და არაგულწრფელობაა

2. ნუ ყვირიხართ ტრიბუნიდან

დაიკიდეთ ეს 90-იანების ესთეტიკა, ყალბია და დამწვარი

სხვა ხალხი დგას დღეს რუსთაველზე და ვინც ყვირილს გირჩევთ ‘მუხტის ასაწევად’, მას ეს არ ესმის

წუხდება ხალხი, მართლა

უმეტესობას საერთოდ არ აინტერესებს არათუ რას ყვირის გამომსვლელი, არამედ საერთოდ რას ლაპარაკობს

მოსულია და დგას, ესმის რომ ეგაა დღეს საქმე, მარტივად

ეს არ ნიშნავს რომ საერთოდ არ იყვიროთ. იყვირეთ როცა მართლა გეყვირებათ. ძალით ნუ ყვირიხართ

რა მინდა:

1. არ დათმოთ ნულოვანი ბარიერი

გუშინ ერთმა მითხრა - ეგ ჩვენი საქმე არაა, პოლიტიკოსებმა მიხედეთო

გატყუებენ, როგორც ყოველთვის!

როგორც შრომის ბაზარზე დაშვებაზე ნებისმიერი რეგულაცია, პოლიტიკურ ბაზარზე შესვლაზე ნებისმიერი ბარიერიც პირველ რიგში ახალგაზრდებს გირტყამთ

თქვენი, სიახლის, ახალი მოთამაშეების ეშინიათ მათ პირველ რიგში

არ დაუთმოთ დინოზავრებს

წარმოიდგინეთ - ნებისმიერი თქვენგანი შეიძლება მოხვდეს პარლამენტში მხოლოდ ფეისბუქის გამოყენებით, თუ საკმარის მხარდამჭერს მოიძიებს

ეგაა სწორი. ეგაა მომავალი. დანარჩენი ყველაფერი მასტურბაციაა

2. მოითხოვეთ პოლიტიკაში ჩართვაზე ასაკობრივი ცენზის მნიშვნელოვნად დაწევა

მოითხოვეთ რომ 16 წლისას შეეძლოს ხმის მიცემა (ესტონეთმა გააკეთა ადრე) და 18 წლისას პარლამენტში შესვლა

ასაკობრივი ცენზიც თქვენგან, ახალგაზრდებისგან თავის დასაცავად აქვთ შექმნილი - თქვენთან კონკურენციის ეშინიათ

სწორად ეშინიათ

მოითხოვეთ დაწევა

ჩაერთეთ პოლიტიკაში

თქვენს გარეშე არსებული პოლიტიკური კლასი ამ საქმეს ვერ გასწევს

და თუ გასწევს, მხოლოდ თქვენი დახმარებით

მაგრამ ეს იქნება ნახევრად გამარჯვება

4/5-ით საბჭოთა საქართველოსგან მივიღებთ 3/5-ით საბჭოთა საქართველოს

მაგრამ მე მინდა 1 მთელი თავისუფალი საქართველო

თქვენ გინდათ 1 მთელი თავისუფალი საქართველო!

3. ახალი ადამიანები ადით ტრიბუნაზე

ახალმა ადამიანებმა მიეცით ინტერვიუები ტვ-ებს

გულწრფელებმა და გაბრაზებულებმა

მართლა გაბრაზებულებმა

არ ხართ გაბრაზებუელი? გაიხსენეთ რა მოხდა, გაიხსენეთ რომ ახალგაზრდებს თვალები დათხარეს, ნახეთ ფოტოები და ისე ილაპარაკეთ

მუხტს ქმნის გულწრფელობა და არა ყვირილი!

ეს ქვეყანა 20% რუსეთის მიერაა ოკუპირებული

მაგრამ დანარჩენი 80% ოკუპირებულია საბჭოთა ქართველების მიერ

საბჭოთა ქართველები ზიან ხელისუფლებაში

და საბჭოთა ქართველები არიან დღევანდელი პოლიტიკური ელიტა

საბჭოთა საქართველომ გესროლათ თქვენ ტყვიები

საბჭოთა საქართველო გესვრით ტყვიებს გაჩენის დღიდან, ბაღიდან დაწყებული, სკოლით გაგრძელებული და მურუსიძის სასამართლოთი დამთავრებული

ახალმა ადამიანებმა უნდა გაუშვათ ეს ხალხი სახლში

ხელისუფლებიდანაც და პოლიტიკიდანაც

ჩემი ჩათვლით! მეც იმ დედააფეთქებულ დროში გავიზარდე

4. ნუ გეშინიათ

თქვენ შეიძლება არ გაქვთ გამოცდილება, მაგრამ გაქვთ მთავარი - თქვენ დაიბადეთ თუნდაც ფორმალურად თავისუფალ ქვეყანაში

თქვენში მეტი სიმართლეა

თქვენში მეტი გულწრფელობაა

თქვენში მეტი თავისუფლებაა

ეგ თავისუფლება, ავად თუ კარგად, ჩვენ, წინა თაობებმა მოგიტანეთ

მაგრამ მაგ თავისუფლების ფასი ნულია თუ არ გაინძრევით

გამოიყენეთ ეს თავისუფლება!

აჯანყდით, იჩხუბეთ, ილაპარაკეთ, იკამათეთ!

თქვენი პასუხისმგებლობაა ეს და არ ვიღაც სხვის

ნუ გეშინიათ!

5. შეცდომებს დაუშვებთ

წააგებთ

მაგრამ ისწავლით

და თუ არ გაჩერდებით, ბოლოს აუცილებლად მოიგებთ

ბრძოლის გარეშე არავინ, არაფერს დაგითმობთ!

ყველაფერი ბრძოლაში მოიპოვება

გუშინდელი ივანიშვილის ბრიფინგის მთავარი მესიჯი ეს იყო ინ ა ნუტსჰელლ - აქამდე უფრო მზეები მეგონეთ და ამიტომ 2024 წლისთვის ვფიქრობდი სრულად პროპორციულსო. მაგრამ ბოლო დღეებმა მაჩვენა რომ ეგეთი მზეებიც არ აღმოჩნდით და ამიტომ იყოს 2020-იო.

იბრძოლეთ! აჩვენეთ საბჭოთა ქართველებს ვინაა მზე სინამდვილეში!

მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ ეს!

არავინ და არაფერია თქვენი გამჩერებელი!“

მსგავსი სიახლეები

ექსკლუზივი