"თბილისელების ფეხებზე დაკიდების უფლებას არავის მივცემ"- კახა კალაძე
ოთხშაბათი, 05 ივნისი, 2019 - 12:40

თბილისის მერმა კახა კალაძემ შესაბამის სტრუქტურებს მრგვალ ბაღში წარმოებული სარეაბილიტაციო სამუშაოების დროულად დასრულება დაავალა. სხვა პროექტებთან ერთად, მრგვალი ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე დედაქალაქის მერმა მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. 

კახა კალაძის განცხადებით, კომპანიამ სამუშაოები ვერ დაასრულა. შესაბამისად, ის მრგვალი ბაღის რეაბილიტაციას ვეღარ გააგრძელებს. 

მისი თქმით, ადგილზე არსებული სიტუაცია კატეგორიულად მიუღებელია, რადგან სამუშაოები ფაქტობრივად შეჩერებულია, ტერიტორია გადათხრილი, ინფრასტრუქტურა კი მოუწესრიგებელი. 

„კომპანიას არ აინტერესებს არც ქალაქის მთავრობა, არც მერია, მაგრამ ჩემთვის თბილისის მოსახლეობა ძალიან მნიშვნელოვანია და თბილისელების ფეხებზე დაკიდებას არავის ვაპატიებ! შესაბამისად, იმოქმედეთ ძალიან მარტივად. ეს კომპანია ვერ და არ გააგრძელებს სამუშაოებს. იქ არაფერი ხდება, გადათხრილია ყველაფერი და მიყრილ-მოყრილი. სამუშაოები უკვე ორი თვეა მიმდინარეობს. პატარა ბაღის რეაბილიტაცია ვერ მოვახერხეთ და ვსაუბრობთ მთელი ქუჩებისა და უბნების რეაბილიტაციაზე. ასეთი დამოკიდებულება ცუდია. სამწუხაროა, რომ გვყავს არაკეთილსინდისიერი კომპანიები, თუმცა მათ შესაბამისი პასუხი სჭირდებათ. ასეთმა კომპანიებმა არა თუ მერიის ტენდერებში, საერთოდ, სახელმწიფო ტენდერებში ვერ უნდა მიიღონ მონაწილეობა, რადგან ისინი აზარალებენ ქვეყანას, ქალაქს, მოსახლეობას და ასე შემდეგ. ასეთ დროს არავინ საუბრობს, რომ კომპანიაა პრობლემა, არამედ მერია და ქალაქის მერი. ამიტომ, ეს დამოკიდებულება კატეგორიულად მიუღებელია. იმოქმედეთ დღესვე, რომ რაც შეიძლება მოკლე დროში დასრულდეს ეს პროექტი. სამუშაოების ფარგლებში, მოაწესრიგეთ საგზაო ინფრასტრუქტურაც, რადგან იქ მძიმე მდგომარეობაა. განაახლეთ ისე, რომ ყველამ, იქ მიმსვლელმა ადამიანმა ამ პროექტით იამაყოს“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

მსგავსი სიახლეები

ექსკლუზივი