ჩემპიონთა ლიგის ფინალში "ლივერპულს" "ტოტენჰემი" დაუპირისპირდება
ხუთშაბათი, 09 მაისი, 2019 - 13:56

ლივერპულისა და ტოტენჰემის გულშემატკივრებისთვის ფინალურ მატჩზე ჯამში 33 226 ბილეთია გამოყოფილი.

2018-2019 წლების სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ინგლისური ფინალი შედგება. ლონდონის „ტოტენჰემმა” დაახლოებით „ლივერპულის” მსგავსი გმირობა ჩაიდინა და მანაც 0:3-ის შემდეგ შეძლო ფინალში გასვლა.

დე ლიხტისა და ზიეჩის გოლებით „ტოტენჰემი” 0:3 ანგარიშით (ორი მატჩის ჯამში) განმეორებითი შეხვედრის 35-ე წუთისთვის აგებდა.

მიუხედავად ამისა, მეორე ტაიმში „ტოტენჰემმა” თავის სასარგებლოდ შემოატრიალა თამაში. ლუკაშ მოურამ ოთხი წუთის ინტერვალით ორი გოლი გაიტანა და ბრძოლას ინტრიგა დაუბრუნა. მანვე მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში ჰეთ-თრიკი შეასრულა და თავისი გუნდი ფინალში გაიყვანა.

ჩემპიონთა ლიგაზე მეორედ შეხვდებიან ფინალში ინგლისური გუნდები – „ლივერპული” და „ტოტენჰემი”. მატჩი პირველ ივნისს, მადრიდში „ვანდა მეტროპოლიტანოზე” შედგება.

აიაქსი-ტოტენჰემი 2:3 (1:0)
გოლები: 1:0 დე ლიგტი (5), 2:0 ზიეჩი (35), 2:1 ლუკაშ მოურა (55), 2:2 ლუკაშ მოურა (59), 2:3 ლუკაშ მოურა (90+5)
აიაქსი: ონანა – მაზრაუი, დე ლიგტი, ბლინდი, ტალიაფიკო – შიონე (60. ველტმანი), ვან დე ბეეკი (90. მაგალიანი), ფ. დე იონგი – ზიეჩი, ტადიჩი, დოლბერგი (67. სინკგრავენი).
ტოტენჰემი: ლორისი – ტრიპიერი (82. ლამელა), ალდერვეირელდი, ვერტონგენი, როუზი (82. დევისი) – სისოკო, ვანიამა (46. ლორენტე), ალი – ერიქსენი – ლუკაშ მოურა, სონი.

მადრიდის ვანდა მეტროპოლიტანოს სტადიონზე დაგეგმილ ჩემპიონთა ლიგის ფინალში მონაწილე თითოეული გუნდის გულშემატკივრებისთვის 16,613 ბილეთია გამოყოფილი.

ლივერპულმა უკვე გამოაცხადა დეტალები და ირკვევა, რომ წითლების ქომაგებისთვის ყველაზე იაფი ბილეთები 60 ფუნტ სტერლინგად გაიყიდება, ყველაზე ძვირის ფასი კი 513 ფუნტი იქნება.

რაც შეეხება ტოტენჰემს, ლონდონურ გუნდს ფასები ჯერ არ გაუმხელია.

ასევე აღსანიშნავია, რომ უეფამ მსოფლიოს მასშტაბით 4 000 ბილეთი უკვე გაყიდა, 68 000-იანი სტადიონის დარჩენილ ადგილებს კი მატჩის საორგანიზაციო კომიტეტი, უეფა, ეროვნული ასოციაციები, კომერციული პარტნიორები და მატჩის გადამცემი ტელევიზიები გაანაწილებენ.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალი 1 ივნისს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ექსკლუზივი