საქართველოს 12 დაცული ტერიტორია გაერო-ს განვითარების პროგრამისა და გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის დახმარებას მიიღებს
პარასკევი, 01 მარტი, 2019 - 11:18

ხუთწლიანი პროგრამის ბიუჯეტი 10 მილიონ დოლარს აღწევს.

საქართველოს 12 დაცული ტერიტორია გაერო-ს განვითარების პროგრამისგან (UNDP) და გლობალური გარემოსდაცვითი ფონდისგან (GEF) მრავალმხრივ დახმარებას მიიღებს, რომელიც დაცული ტერიტორიების ფინანსური მდგრადობის გამყარებასა და საქართველოს უნიკალური ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებას მოხმარდება, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, ხუთწლიანი პროგრამა, რომლის მთლიანი ბიუჯეტი 10 მილიონ აშშ დოლარს აღწევს, კავკასიის ბუნების ფონდისა (CNF) და დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ განხორციელდება.

პროგრამის ფარგლებში, დაგეგმილი ტექნიკური და საკონსულტაციო დახმარება 12 დაცულ ტერიტორიას მოიცავს: ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი, ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები, ვაშლოვანის დაცული ტერიტორიები, თუშეთის დაცული ტერიტორიები, თუშეთის დაცული ლანდშაფტი, მტირალას ეროვნული პარკი, ჯავახეთის ეროვნული პარკი, ყაზბეგის ეროვნული პარკი, ალგეთის ეროვნული პარკი, კინტრიშის დაცული ტერიტორიები, მაჭახელას ეროვნული პარკი და ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიები.

საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტოს, გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP), გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF), კავკასიის ბუნების ფონდისა (CNF) და საქართველოს ბანკის ერთობლივი პროგრამა 2023 წლამდე გაგრძელდება.

„ბიომრავალფეროვნების გარეშე დედამიწაზე სიცოცხლის არც ერთი სხვა ფორმა, მათ შორის ადამიანიც, აღარ იარსებებს“, – განაცხადა საქართველოში გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელმა, ლუიზა ვინტონმა.

მისი თქმით, მცენარეებისა და ცხოველების სახეობების გადაშენების მაჩვენებლებმაშემაშფოთებელ ზღვარს მიაღწია.

„დაცული ტერიტორიები უნიკალური რესურსია, რომლის მეშვეობით შესაძლებელი იქნება ეკოსისტემების კონსერვაცია და აღდგენა და დედამიწაზე სიცოცხლის შენარჩუნება“, – აღნიშნა ლუიზა ვინტონმა.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, იური ნოზაძის განაცხადებით დაიწყო ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამა, რომელიც 12 დაცული ტერიტორიის ფინანსურ მდგრადობასა და გაძლიერებას უზრუნველყოფს.

„ამჟამად, დაცული ტერიტორიები საქართველოს მთლიანი ფართობის 8 პროცენტს შეადგენს, ხოლო მომავალი რვა წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი 20 პროცენტამდე გაიზრდება. მოხარული ვართ, რომ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან და კერძო კომპანიებთან თანამშრომლობით შესაძლებლობა გვეძლევა, გავზარდოთ დაცული ტერიტორიების სისტემის ეფექტიანობა და მდგრადობა“, – განაცხადა ნოზაძემ.

პროგრამის ბიუჯეტში გაერთიანებულია გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) გრანტი – 1.8 მილიონი აშშ დოლარი, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანადაფინანსება – 4.8 მილიონი აშშ დოლარი, კავკასიის ბუნების ფონდის (CNF) წილი – 3.1 მილიონი აშშ დოლარი და „საქართველოს ბანკის“-გან  200 000 აშშ დოლარი.

 

მსგავსი სიახლეები

ექსკლუზივი