საქართველოს მორაგბეთა ნაკრები დღეს რუმინეთს დაუპირისპირდება
შაბათი, 09 თებერვალი, 2019 - 11:26

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები 9 თებერვალს წლის პირველ შეხვედრას გამართავს. ‘ბორჯღალოსნები’ რაგბი ევროპის პირველ შეხვედრაში რუმინეთს ესტუმრებიან და ეცდებიან, რომ 2019 წელი მოგებით დაიწყონ. თამაში რუმინეთის ქალაქ კლუჟში გაიმართება და 16:00 საათზე დაიწყება. გულშემატკივარი მატჩის ტელეტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში იხილავს.

მილტონ ჰეიგის გუნდი რაგბი ევროპის მე-11 ტიტულის მოსაგებად მზადაა. ნაკრების შემადგენლობაში სამი დებიუტანტია: დავით გიგაური, რომელიც რუმინული ბუქარესტის ღირსებას იცავს. ბექა საღინაძე და ვანო კარკაძე, რომლებიც ორიაკში თამაშობენ. გიგაური და საღინაძე სადებიუტო მატჩს სასტარტო შემადგენლობაში დაიწყებენ, ხოლო კარკაძე სათადარიგო შემადგენლობაშია.

 

ნაკრების ერთ-ერთ ლიდერი, სოსო მათიაშვილი ტრავმას მკურნალობს და აღდგენით პროცესს ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ გადის. ტრადიციულად, ცხრა ნომერზე ვასილ ლობჟანიძეითამაშებს, რომლისთვისაც ეს მატჩი ნაკრებში მე-40 იქნება. სანაკრებო მატჩების რაოდენობას კიდევ ერთი მოთამაშე დაამრგვალებს - ლაშა ხმალაძე 'ბორჯღალოსანთა' რიგებში 70-ე კეპს მოიხვეჭს.

აღსანიშნავია, რომ ბორჯღალოსანთა სათადარიგო შემადგენლობაში მირიან მოდებაძე და გიორგი აფციაური იქნებიან, ისინი ნაკრებს დიდი პაუზის შემდეგ დაუბრუნდნენ.

ამჟამად საქართველოს ნაკრები მსოფლიოს რეიტინგში მე-13 ადგილზეა. 'ბორჯღალოსნებს' რუმინელ 'მუხებთან' 22-ჯერ უთამაშიათ. აქედან 12 მატჩი ქართველებმა მოიგეს, 9-ჯერ რუმინელებმა იმარჯვეს და ერთი მატჩიც ფრედ დასრულდა.

საქართველოს რუმინეთთან ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი 2011 წლის მსოფლიოს თასზე აქვს მოგებული, როდესაც მეტოქეს 16 ქულით - 25:9 აჯობა. იმ მატჩის გმირი მამუკა გორგოძე გახდა, რომელმაც 56-ე წუთზე რუმინელებს ლელო დაუდო.

წყარო

მსგავსი სიახლეები

ექსკლუზივი