ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებულ მაღალჩინოსნებს პატიმრობა შეეფარდათ
ორშაბათი, 28 იანვარი, 2019 - 17:35

წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარეს გრიგოლ ივანეიშვილს და ვაკის გამგებლის მოადგილეს თეიმურაზ ჩოჩუას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ რომან ხორავამ ბრალდების მხარის შუამდგომლობა სრულად დააკმაყოფილა. დაცვის მხარე კი მათი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა. შეგახსენებთ, რომ წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარე გრიგოლ ივანეიშვილი 25 იანვარს დააკავეს.გამოძიება მას განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას ედავება. ამავე საქმეზე ვაკის გამგებლის მოადგილე თეიმურაზ ჩოჩუა სუს-მა 26 იანვარს ქრთამის აღებაში დახმარების ბრალდებით დააკავა. „გამოძიებამ დაადგინა, რომ თეიმურაზ ჩოჩუამ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გრიგოლ ივანეიშვილს დააკავშირა უცხოელი ბიზნესმენი, რომელიც ქალაქ წყალტუბოში მდებარე საკრებულოს ყოფილი შენობის შესყიდვით იყო დაინტერესებული. გრიგოლ ივანეიშვილი უცხოელ ბიზნესმენს აღნიშნული შენობის წინასწარ შეთანხმებულ ფასად აუქციონზე გატანას და აღნიშნული აუქციონის გზით ხსენებული ქონების შესყიდვაში დახმარებას დაჰპირდა, რის სანაცვლოდაც ქრთამის სახით 250 000 ლარის გადახდა მოსთხოვა. თავის მხრივ, თეიმურაზ ჩოჩუამ გრიგოლ ივანეიშვილს დახმარება გაუწია თანხის გადახდის გარანტად, უცხოელი ბიზნესმენის მიერ დაფუძნებული კომპანიის 16%-იან წილის ივანეიშვილის ნდობით აღჭურვილი პირის საკუთრებაში გადაცემასა და 250 000 ლარის ქრთამის სახით აღებაში“, - აღნიშნულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცახდებაში. დაკავებულები დანაშაულს არ აღიარებენ. მირანდა ფუტკარაია

მსგავსი სიახლეები

ექსკლუზივი