დიდ დიღომში მომხდარი აფეთქების ფაქტზე "ყაზტრანსგაზის" ორი თანამშრომელი დააკავეს
პარასკევი, 18 იანვარი, 2019 - 17:07

დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა. უწყების ინფორმაციით ამ დროისთვის დაკავებულია 2 პირი. "დაკავებულები არიან "ყაზტრანსგაზის" სწრაფი რეაგირების ჯგუფის თანამშრომლები - 1957 წელს დაბადებული ვ.მ. და 1991 წელს დაბადებული თ.ტ., რომლებიც 2019 წლის 16 იანვარს აღნიშნულ მისამართზე, აფეთქებამდე რამდენიმე საათით ადრე, კორპუსის მცხოვრებლების გამოძახების შედეგად მივიდნენ“, - აღნიშნავენ შსს-ში. განცხადებაში ნათქვამია,რომ ადგილზე მისულმა „ყაზტრანსგაზის“ სპეციალისტებმა კორპუსში გაზგაყვანილობა არაჯეროვნად შეამოწმეს .მათი წასვლიდან რამდენიმე საათში კი აფეთქება მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტრო მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე და 220-ე მუხლებით განაგრძობს. არაა გამორიცხული დანაშაულთან შესაძლო შემხებლობაში მყოფი სხვა პირებიც გამოიკვეთოს. შეგახსენებთ,დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩის 8 ნომერში აფეთქება 16 იანვარს, საღამოს მოხდა. დაშავდა 8 და დაიღუპა 4 ადამიანი, მათ შორის ერთი მცირეწლოვანი ბავშვია. მირანდა ფუტკარაია

მსგავსი სიახლეები

ექსკლუზივი