ზაზა სარალიძე პარლამენტში შს მინისტრის გამოსვლაზე დასწრებას აპირებს
ხუთშაბათი, 20 დეკემბერი, 2018 - 15:35

ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი მოზარდის მამა, ზაზა სარალიძე 21 დეკემბერს, პარლამენტში შს მინისტრის გიორგი გახარიას მოსასმენად მისვლას გეგმავს. ამის შესახებ სარალიძემ "ევროპული საქართველოს" წევრთან, სერგი კაპანაძესთან შეხვედრის შემდეგ თქვა.

სარალიძის თქმით, გახარიას მიმართ მთავარი შეკითხვა ისაა, თუ რატომ "აფარებენ მისი შვილის მკვლელს" ხელს. მისი თქმით, შეკითხვები მთავარ პროკურორთან შალვა თადუმაძესთანაც აქვს.

"კიდევ უფრო მეტი კითხვა ბატონ თადუმაძესთან, რომელთანაც გაგზავნილი მაქვს შეტყობინება, რომ შემხვდეს, თუმცა მემალება. ხვალ შს მინისტრი მიდის პარლამენტში კითხვებზე პასუხის გასაცემად. ძალიან დიდი სურვილი მაქვს თავად დავესწრო ამ სხდომას. ვეცდები, რომ პარლამენტში მოვხვდე და პირადად მოვუსმინო დასმულ კითხვებსზე პასუხებს", - თქვა ზაზა სარალიძემ.

შს მინისტრი გიორგი გახარია პარლამენტში დეპუტატების შეკითხვებს პლენარულ სხდომაზე უპასუხებს. 

21 დეკემბერს პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია მივა და დეპუტატების წინაშე მოხსენებით წარდგება. ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელზეც მინისტრი ისაუბრებს, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობა და მასზე ხელახლა დაწყებული გამოძიებაა.

ცნობილი გახდა, რომ ამ საქმეზე შესაძლოა ახალი ბრალდებულიც გამოიკვეთოს. დადგენილებაში, რომელიც თავის დროზე მმართველმა გუნდმა ევროპული საქართველოს დოკუმენტის პარალელურად მოამზადა და მიიღო, ერთ-ერთი რეკომენდაცია სწორედ ჩხუბში მონაწილე მიხეილ კალანდიას როლის გამოკვეთა იყო.

დეპუტატები, სავარაუდოდ, სწორედ პარასკევს გაიგებენ, რა ეტაპზეა ხელახალი გამოძიება. 

ხორავას ქუჩაზე ორი არასრულწლოვანი დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი 2017 წლის 1 დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მეორე - მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში მოთავსებიდან მეორე დღეს, 2 დეკემბერს გარდაიცვალა.

პირველი ინსტანციის სასამართლომ პროკურატურის მიერ წარდგენილი ბრალდებულებიდან დავით სარალიძის მკვლელობის ნაწილში ორივე გაამართლა.

ამჟამად საქმეს ორი ბრალდებულის მიმართ სააპელაციო სასამართლო იხილავს.

წყარო

მსგავსი სიახლეები

ექსკლუზივი