სტრასბურგის სასამართლომ არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე სარჩელი მიიღო
პარასკევი, 07 დეკემბერი, 2018 - 18:10

სტრასბურგის სასამართლომ მიიღო ცენტრ „ემპათიის“ სარჩელი „არჩილ ტატუნაშვილი რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ”, - ამის შესახებ წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრის ხელმძღვანელმა მარიამ ჯიშკარიანმა განაცხადა. ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს.

„სასამართლომ მიიღო სარჩელი და რეგისტრაციის ნომერი მიანიჭა. ახლა უნდა ველოდოთ კომუნიკაციას,”- აცხადებს მარიამ ჯიშკარიანი. ცენტრმა „ემპათიამ“ სარჩელი „არჩილ ტატუნაშვილი რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ“ 2018 წლის 22 აგვისტოს გააგზავნა.

სარჩელთან ერთად, სტრასბურგში გაიგზავნა ცენტრის მიერ მომზადებული 87-გვერდიანი კომპლექსურ-კომისიური დასკვნა, რომელშიც წერია, რომ 34 წლის არჩილ ტატუნაშვილი ცხინვალში წამებით მოკლეს.

კომპლექსურ-კომისიურ ექსპერტიზაში ჩაიწერა, რომ არჩილ ტატუნაშვილი ცხინვალში პატიმრობისას სხვადასხვა მეთოდის გამოყენებით აწამეს, რამაც მისი გარდაცვალება გამოიწვია.

არჩილ ტატუნაშვილი 22 თებერვალს დილით ახალგორიდან გაიტაცეს, 23 თებერვალს, გამთენიისას დაიღუპა. ნაწამები ტატუნაშვილის ცხედარი ქართულ მხარეს 26-დღიანი ლოდინის შემდეგ გადმოსცეს.

მსგავსი სიახლეები

ექსკლუზივი