"2018 წელს შრომითი მოვალეობის შესრულებისას 35 ადამიანი დაიღუპა"
პარასკევი, 07 დეკემბერი, 2018 - 19:05

"2018 წელს კვლავ მძიმეა ქვეყანაში შრომის უსაფრთხოების კუთხით არსებული მდგომარეობა. მხოლოდ წლის პირველ ნახევარში შრომითი მოვალეობების შესრულებისას დაშავდა 77 და გარდაიცვალა 35 ადამიანი, - ამის შესახებ ომბუდსმენმა 2018 წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე თქვა. 

„2018 წლის მარტში მიღებულ იქნა კანონი „შრომის უსაფრთხოების შესახებ“, რომელიც ითვალისწინებს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის სტანდარტით დადგენილ რიგ ფუნდამენტურ პრინციპებს და ქმნის შრომის უსაფრთხოების მხრივ არსებული ვალდებულებების აღსრულების მექანიზმს. თუმცა, მისი მოქმედება ვრცელდება მხოლოდ მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებზე“ - თქვა ლომჯარიამ.

ომბუდსმენის განცხადებით, საერთაშორისო სტანდარტებით შრომის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად აუცილებელია სანქცირების მექანიზმით აღჭურვილ შრომის ინსპექტორებს ჰქონდეთ უფლება, თავისუფლად და წინასწარი შეტყობინების გარეშე, დღის ან ღამის ნებისმიერ მონაკვეთში შევიდნენ ინსპექტირებას დაქვემდებარებულ ნებისმიერ სამუშაო ადგილზე და მოიკვლიონ.

ნინო ლომჯარია დადებითად აფასებს საქართველოს პარლამენტში „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტის ინიცირებას, რომელიც ზემოაღნიშნულ ფუნდამენტურ პრინციპებს ითვალისწინებს. კანონპროექტი პირველი მოსმენით 31 ოქტომბერს მიიღეს, თუმცა მეორე მოსმენით მისი განხილვა არ დაწყებულა. 

სახალხო დამცველმა ხაზი გაუსვა აღნიშნული კანონის დროულად მიღებისა და ამოქმედების მნიშვნელობას.

მსგავსი სიახლეები

ექსკლუზივი