ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტმა ვანო მერაბიშვილის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაქვეყნა
ხუთშაბათი, 06 დეკემბერი, 2018 - 23:34

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ განაახლოს მერაბიშვილის საქმის შესწავლა და საქმე 2019 წლის ივნისის სხდომაზე განიხილოს. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებაზე ზედამხედველმა ორგანომ ამის შესახებ ინფორმაცია საკუთარ ვებგვერდზე დღეს გამოაქვეყნა. ინფორმაცია 1tv.ge-მ გაავრცელა.

„აღნიშნული საქმე ეხება მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის დარღვევას, ვინაიდან არ გვაქვს საკმარისად დასაბუთებული სამართლებრივი გადაწყვეტილებები მომჩივანის, ყოფილი პრემიერმინისტრისა და შინაგან საქმეთა მინისტრის წინასწარ დაკავებასთან დაკავშირებით, გამომდინარე სერიოზული ეჭვიდან, რომ ადგილი აქვს ერთ ან რამდენიმე დარღვევას და აგრეთვე დარღვეულია მე-18 მუხლი, მე-5 მუხლის 1-ელ ნაწილთან ერთად, რადგან წინასწარი პატიმრობის პერიოდი მთავარი პროკურორის მიერ გამოყენებული იქნა არასამართლებრივი მიზნისთვისაც, რომ ზეწოლა მოეხდინათ ბრალდებულზე, მისგან იმ ინფორმაციის მოპოვების მიზნით, რომელიც არ იყო დაკავშირებული მის წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმესთან. მოვუწოდებთ შესაბამის ორგანოებს, რომ როგორც ინსტიტუციონალურად, ისე პრაქტიკაში, ეს გამოძიება საქმეში ჩართული ყველა პირისგან დამოუკიდებლად ჩატარდეს, რომ მოხდეს პასუხისმგებელი პირების დადგენა და სამართლებრივი პასუხისმგებლობა; რომ ეს გაკეთდეს ფართო მხედველობის ველიდან, რათა დადგინდეს მოახდინა თუ არა ზეგავლენა ამ მოვლენებმა სისხლის სამართლის წარმოებაზე; ეს საქმე სწრაფად და გულდასმით იქნას გამოძიებული“,- აღნიშნულია დოკუმენტში.

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მიერ ვანო მერაბიშვილის საქმის გადაწყვეტილებაზე საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ ინფორმაცია ორი დღის წინ გამოაქვეყნა.

4 დეკემბრის სხდომაზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებაზე ზედამხედველმა ორგანომ, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა პირველად შეაფასა საქართველოს მთავრობის მიერ სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილების -„მერაბიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ - აღსრულების საკითხი.

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, კომიტეტმა საქართველოსთვის მერაბიშვილის ციხიდან გათავისუფლების მოთხოვნა საჭიროდ არ ჩათვალა. 

მსგავსი სიახლეები

ექსკლუზივი