„CYBER-EXE" საქართველო მეხუთედ ჩატარდა
ხუთშაბათი, 06 დეკემბერი, 2018 - 12:00

სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიაში“ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „მონაცემთა გაცვლის სააგენტოს“ სამთავრობო კომპიუტერულ ინციდენტებზე სწრაფი დახმარების ჯგუფის (CERT-GOV-GE) ორგანიზებით მორიგი ეროვნული კიბერსავარჯიშო გაიმართა, რომელშიც როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

აღნიშნული ღონისძიება წელს უკვე მეხუთედ შედგა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე მიხეილ სარჯველაძემ გახსნა.  

როგორც მიხეილ სარჯველაძემ მისასალმებელ სიტყვაში აღნიშნა, კიბერუსაფრთხოება 21-ე საუკუნის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა და საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ქვეყნის კიბერუსაფრთხოების დონის ამაღლებას.

„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „მონაცემთა გაცვლის სააგენტო“ აქტიურად მუშაობს ამ მიმართულებით.  შეუძლებელია კიბერუსაფრთხოების მაღალი დონის უზრუნველყოფა შესაბამისი უნარ-ჩვევებით აღჭურვილი კადრების გარეშე როგორც სახელმწიფო, ისე კერძო ორგანიზაციებში.  მოხარული ვარ, რომ უკვე მეხუთედ საქართველოში, სხვადასხვა სახელმწიფო და კერძო სტრუქტურის შესაბამისი პროფილის თანამშრომლებს საშუალებას ვაძლევთ, მონაწილეობა მიიღონ რეალურ სავარჯიშოებში და გამოსცადონ საკუთარი თავი იმიტირებული კიბერშეტევების გაუვნებელყოფის პროცესში“, − აღნიშნა საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ.

ღონისძიება შეჯიბრის ხასიათს ატარებს, რომლის დროსაც თითოეული მონაწილე გუნდი წინასწარ მომზადებული კიბერშეტევის პირობებში ახორციელებს ვირტუალური სივრცის დაცვის ოპერაციას.  სავარჯიშოს შედეგად ანალიზდება თითოეული გუნდის სუსტი და ძლიერი მხარეები და გუნდების გაძლიერების მიზნით მზადდება რეკომენდაციები.

მსგავსი ფორმატი მსოფლიოში მიღებული პრაქტიკაა და მას „წითელი და ლურჯი“ ჯგუფების სავარჯიშოებს უწოდებენ.

პირველი „CYBER-EXE საქართველო“ სსიპ „მონაცემთა გაცვლის სააგენტოს“ ინიციატივით 2014 წელს გაიმართა.  

 

მსგავსი სიახლეები

ექსკლუზივი