"თქვენ გეყოლებათ ხელისუფლება, რომელიც იქნება თქვენს სამსახურში"
ოთხშაბათი, 28 ნოემბერი, 2018 - 20:15

ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა ეგზიტპოლების შედეგების გამოცხადების შემდეგ განაცხადა.

"მაქსიმუმს გავაკეთებთ იმისთვის, რომ გავამართლოთ ის, რაც დღეს მივიღეთ," - აღნიშნა ბიძინა ივანიშილმა.

„თუ მთლიანად შევაფასებთ პროცესს, რაც მოხდა ამ არჩევნებზე როგორც პირველ, ისე მეორე ტურში და ზოგადად ბოლო თვეების განმავლობაში როგორც განვითარდა სიტუაცია პოლიტიკაში, ძალიან კარგი შეფასებების გაკეთება შეიძლება. პირველ რიგში და ყველაზე მთავარია, რომ ამომრჩეველმა, ჩვენმა საზოგადოებამ გააცნობიერა საკუთარი ძალა, კარგად გაიგო, რომ მის ხელშია ბერკეტები და რეაქცია მისცა ადეკვატური. მეც ვიგრძენი ის, რაც იგრძნო საზოგადოებამ და მიუხედავად ჩემი განცხადებისა, მეორედ მომიწია პოლიტიკაში შემობრუნება. გრძნობადობა რაც აჩვენა საზოგადოებამ ძალიან მნიშვნელოვანია პირადად ჩემთვის. ქართულმა საზოგადოებამ აჩვენა ძალიან კარგი სიმწიფე. ის მოკლე პერიოდი, რაც ჩვენ თავისუფალ არჩევნებს ვატარებთ და უახლოეს ისტორიაში რაც ჩვენ გამოცდილება დავაგროვეთ, არ არის ბევრი და ის, რაც საზოგადოებამ აჩვენა არის ძალიან კარგი შეგრძნება და გაგება სიტუაციის. გუნდმაც გააკეთა რეაქცია პირველ ეტაპზე, რაც მოახერხა მოკლე დროში, ესეც მისასალმებელია. მეც პირადად გავაკეთე რეაქცია და ალბათ, საზოგადოება ამაზეც გააკეთებს თავის რეაქციას. უფრო ადრე დავიწყე მე დასკვნების გაკეთება. მადლობა საზოგადოებას ასეთი გრძნობადობისთვის. მაქსიმუმს შევეცდები და თქვენ გეყოლებათ ხელისუფლება, რომელიც იქნება თქვენს სამსახურში. მაქსიმუმს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენ გავამართლოთ ის, რაც დღეს მივიღეთ“,- განაცხადა ივანიშვილმა.

 

მსგავსი სიახლეები

ექსკლუზივი