გიორგი მარგველაშვილი საერთაშორისო თანამეგობრობას შავი ზღვის დაცვისკენ მოუწოდებს
ორშაბათი, 26 ნოემბერი, 2018 - 18:40

საქართველოს პრეზიდენტმა საერთაშორისო თანამეგობრობას შავი ზღვის დაცვისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილმა უკრაინის ელჩთან  იგორ დოგლოვთან შეხვედრის დროს განაცხადა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

საქართველოს პრეზიდენტმა აზოვის ზღვაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით უახლესი ინფორმაცია პირადად უკრაინელი დიპლომატისგან მოისმინა.

გიორგი მარგველაშვილი კიდევ ერთხელ ადასტურებს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერას. პრეზიდენტმა საერთაშორისო თანამეგობრობას შავი ზღვის დაცვის აუცილებლობისკენ მოუწოდა. საქართველოს პრეზიდენტის თქმით, ქერჩის ყურეში განვითარებული მოვლენები უაღრესად საშიში ფაქტია და ადასტურებს, რომ რუსეთის მხრიდან ოკუპაცია ახალ ფორმებს იძენს.

უკრაინის ელჩთან გამართულ შეხვედრას პრეზიდენტის სასახლეში პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი და პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანი ესწრებოდნენ.

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ უკრაინაში საომარი მდგომარეობის შემოღებაზე ბრძანებას ხელი მოაწერა.

უკრაინაში არმიის სრული სამხედრო მზადყოფნა 26 ნოემბერს დილიდან გამოცხდდა.

მსგავსი სიახლეები

ექსკლუზივი