საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადება
სამშაბათი, 13 ნოემბერი, 2018 - 23:12

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის, გენერალ-მაიორ ვლადიმერ ჩაჩიბაიას განცხადება:

„საქართველოს შეიარაღებული ძალების სახელით, გვსურს გამოვეხმაუროთ გარკვეულ მედიასაშუალებებში გაკეთებულ განცხადებებს. საქართველოს შეიარაღებული ძალები არის პოლიტიკურად ნეიტრალური სახელმწიფოებრივი ინსტიტუტი, რომლის მთავარი მიზანია ქვეყნის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის დაცვა. ეს ამოცანა გვავალდებულებს ვიყოთ ერთიანი, კონსოლიდირებული და მზად გამოწვევების გასამკლავებლად. შესაბამისად, ქართული ჯარი ეკუთვნის საქართველოს თითოეულ მოქალაქეს და შედგება საზოგადოების წარმომადგენლებისგან განურჩევლად მათი ეთნიკური, რელიგიური თუ პოლიტიკური შეხედულებებისა.

ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული პროცესი, კონკრეტულად კი საპრეზიდენტო არჩევნები, საქართველოს ყველა მოქალაქეს, მათ შორის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებს, აძლევს სამოქალაქო უფლებას დააფიქსირონ საკუთარი არჩევანი და ამით გამოხატონ პოზიცია.

კამპანიაში ჩართულ ადამიანებს, ყოფილ სამხედროებს მინდა, მივმართო და მოვუწოდო, რომ შეიარღებული ძალების გამოყენება პოლიტიკური მიზნებისთვის ეწინააღმდეგება შეიარაღებული ძალების და მთლიანად ქვეყნის ინტერესებს. ნებისმიერი მცდელობა - ჯარი ჩაითრიონ პოლიტიკურ პროცესში არის სახიფათო და ანტისახელმწიფოებრივი ქმედება.  შეიარაღებული ძალები, მის თითოეულ ჯარისკაცთან ერთად კვლავ გააგრძელებს მიუკერძოებლად ქვეყნის სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების დაცვას”, - აცხადებს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია.

მსგავსი სიახლეები

ექსკლუზივი