საგარეო უწყება სერგეი ლავროვის ცხინვალის დეფაქტო მინისტრთან შეხვედრას ეხმიანება
ორშაბათი, 12 ნოემბერი, 2018 - 21:10

'რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შეხვედრა ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელთან წარმოადგენს რუსეთის მხრიდან საქართველოს სახელმწიფოებრიობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართული პოლიტიკის გაგრძელებას",- ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ვლადიმერ კონსტანტინიდმა განაცხადა.

მისივე თქმით, ეს არის კრემლის მორიგი უკანონო მცდელობა, მოახდინოს საოკუპაციო რეჟიმების ლეგიტიმაცია და 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებული ვალდებულებების პირდაპირი დარღვევით, დააკანონოს საკუთარი კონტროლი ოკუპირებულ რეგიონებზე.

„რუსეთის მსგავსი მცდელობები უშედეგოა. საერთაშორისო თანამეგობრობა არასდროს შეეგუება საქართველოს განუყოფელი რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის უკანონო აღიარებას.

საერთაშორისო თანამეგობრობა მუდმივად მოუწოდებს რუსეთს, უკან წაიღოს თავისი უკანონო გადაწყვეტილება ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ.

საერთაშორისო საზოგადოება ურყევად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიული მთლიანობას და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების არაღიარების პოლიტიკას, რაც თვალსაჩინოდ აისახება როგორც ცალკეული ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან გაკეთებულ საჯარო განცხადებებსა და დოკუმენტებში, ასევე მათ ქმედით ნაბიჯებში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიმართულებით“,- განაცხადა კონსტანტინიდმა.

მსგავსი სიახლეები

ექსკლუზივი