განსაკუთრებული საშემოდგომო ღონისძიება 205-ე ბაგა-ბაღში
ორშაბათი, 12 ნოემბერი, 2018 - 22:33

შემოდგომისადმი მიძღვნილი ღონისძიებები საბავშვო ბაღებსა და სკოლებშიც აქტიურად იმართება. მასწავლებლები ცდილობენ უფრო და უფრო კრეატიული იდეები განახორციელონ თავის აღსაზრდელებთან ერთად და ბავშვებს დაუვიწყარი წუთები აჩუქონ.

შემოდგომის ზეიმი განსაკუთრებულად აღნიშნეს 205-ე საბავშვო ბაგა-ბაღის ყველაზე პატარა ჯგუფ „ვარსკვლავების“ აღსაზრდელებმაც, მაგრამ რაც ყველაზე მთავარია თავისი გაწეული შრომით იმ ადამიანებსა და თანატოლებს გაუწიეს დახმარება, რომელთაც გვერდში დგომა სჭირდებათ.

დაწვრილებით ამ ღონისძიების შესახებ, 205-ე  ბაგა-ბაღის აღმზრდელი მასწავლებელი ნინო ცხოვრებაშვილი გვესაუბრა:

 „ამ იდეებისა და ინიციატივების ავტორი ოდითგანვე ჩვენი დირექტორი ია პატეიშვილი იყო, რამაც განაპირობა ჩვენი ასეთი მობილიზება სიკეთის კეთების მიმართულებით. 2007 წლიდან 205-ე ბაგა-ბაღი ახორციელებდა განათლებისა და მეცნიერების სათემო პროექტებს „ყოველ დღესა შენს თავს კითხე, აბა დღეს მე ვის რა ვარგე“, ამ პროექტის ფარგლებში როგორც მშობლები, ასევე თანამშრომლები და თემში მაცხოვრებლები არა ერთხელ დავხმარებივართ შეჭირვებულ ოჯახებს, ასევე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ახალგაზრდებს. ბევრჯერ ვყოფილვართ მოხუცთა თავშესაფარში, გაგვიმართავს მათთვის კონცერტი ჩვენი აღსაზრდელებისა და თანამშრომლების მონაწილეობით და გადაგვიცია საჩუქრები. ჩვენი ბაღი მობილიზებულია პრობლემებისა და ღირებულებების ირგვლივ. ამ ყველაფერს ხელმძღვანელობს ქალბატონი ია პატეიშვილი და სწორედ მასთან ერთად ვიძიებთ ისეთ ოჯახებს, რომლებსაც ჩვენი დახმარება სჭირდებათ. მრავალშვილიანი ოჯახები ჩვენი მცირედით გავახარეთ და გავულამაზეთ დღე. ჩვენი ბაღის სლოგანია „ვიაროთ სიკეთის გზით მზის კვალდაკვალ“, რაც უფრო მეტ სიკეთეს გავაკეთებთ და ამას მივაჩვევთ ჩვენს პატარებს, მეტად შევიტანთ წვლილს მომავალი თაობის ჰუმანიზაციაში. სიკეთეს საზღვრები არა აქვს, მაგრამ მის კეთებას ხელის შეწყობა სჭირდება. ჩვენ ვსხდებით მშობლებთან ერთად და დასახელებული თემებიდან ვარჩევთ ისეთ ოჯახებს, ვისაც ჩვენი თანადგომა სჭრდება.“

ეკატერინე ხარაზიშვილი, მშობელი: „ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩემი შვილი სწორი ღირებულებებით პატარაობიდანვე აღიზარდოს, ისწავლოს სიკეთის კეთება და ჰქონდეს თანაგრძნობის უნარი, რაც ვიცი რომ 205-ე ბაგა ბაღში ნამდვილად ექნება. დირექტორმა, ქალბატონმა ია პატეიშვილმა და მასწავლებელმა ნინო ცხოვრებაშვილმა, უდიდესი შრომა და ენერგია ჩადო ამ ღონისძიების გამართვაში, რისთვისაც მათი ძალიან მადლობელი ვარ და მით უფრო დასაფასებელია, რომ ეს შრომა კეთილ საქმეს მოხმარდა.“

 საშემოდგომო ღონისძიების შემდეგ პატარები ტაძარშიც იმყოფებოდნენ, სადაც ხილი და შემოდგომის ნობათი მიიტანეს.

ჩვენი სააგენტოს სახელით წარმატებას ვუსურვებთ 205-ე ბაგა-ბაღს, მასწავლებლებსა და აღსაზრდელებს თაობების სწორად აღზრდასა და კეთილი საქმეების კეთებაში.

იხ.ფოტოები

მსგავსი სიახლეები

ექსკლუზივი