საგარეო უწყება სოფელ ატოცთან მავთულხლართების დამონტაჟებას აპროტესტებს
სამშაბათი, 06 ნოემბერი, 2018 - 22:25

საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს ცხინვალში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მორიგ უკანონო გადაწყვეტილებას და სამუშაოების დაწყებას ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცთან 1 კილომეტრის სიგრძის მონაკვეთზე საოკუპაციო ხაზის ხელოვნური ბარიერებით გამაგრებასთან დაკავშირებით. ამის შესახებ საგარეო უწყება სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

„მსგავსი ნაბიჯებით რუსეთის ფედერაცია უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებსა და პრინციპებს და ძირს უთხრის წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო სისტემას.

რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის ეს უკანონო ქმედება მიზნად ისახავს ადგილზე ვითარების შემდგომი დესტაბილიზაციას, კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვასა და შემდგომ იზოლირებას დანარჩენი საქართველოსგან. საოკუპაციო ხაზზე ხელოვნური ბარიერების აღმართვის უკანონო პროცესის გაგრძელება კიდევ უფრო დაამძიმებს ადგილობრივი მოსახლეობის ისედაც რთულ ჰუმანიტარულ მდგომარეობას.

საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობს წინააღმდეგ მიმართული უკანონო ქმედებები, შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები და გაიყვანოს თავისი სამხედრო შენაერთები საქართველოს ტერიტორიიდან.

საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადო შეფასება მისცეს რუსეთის პროვოკაციულ ნაბიჯებს და ქმედითი ზომები მიიღოს რუსეთის მიერ საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაციისა და ფაქტობრივი ანექსიის პროცესის საპირისპიროდ.

აღნიშნულთან დაკავშირებით ქართულმა მხარემ დაუყოვნებლივ გააქტიურა ცხელი ხაზი, საქმის კურსში ჩააყენა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეები ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს მხრიდან. საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის მიერ საოკუპაციო ხაზზე ხელოვნური ბარიერების აღმართვის უკანონო პროცესის გაგრძელებას დააყენებს ყველა შესაბამის ორმხრივ და მრავალმხრივ საერთაშორისო ფორმატებში“, - ნათქვამია განცხადებაში.

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დეფაქტო უშიშროების კომიტეტის გადაწყვეტილებით, პირველი ნოემბრიდან მავთულხლართების მონტაჟი განახლდა. კომიტეტის ცნობით, სოფელ ბალთასთან, რომელიც ქარელის რაიონის სოფელ ატოცს ემიჯნება, დაახლოებით 1 კილომეტრიანი სიგრძის ბარიერი გაკეთდება. 

მსგავსი სიახლეები

ექსკლუზივი