საგარეო უწყება საარჩევნოდ საზღვარგარეთ მცხოვრებლებს საკონსულოებში აღრიცხვისკენ მოუწოდებს
, 04 ნოემბერი, 2018 - 14:27

საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს. ოფიციალური განცხადებით საკონსულოებში აღრიცხვაზე დადგომის მსურველთა რიცხვმა საგრძნობლად მოიმატა.

"საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის მიზნით საზღვარგარეთ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეთა გააქტიურებას და უცხოეთში მცხოვრებ თანამოქალაქეებს, რომლებსაც ამ დროისათვის არ მოუმართავთ საკონსულო აღრიცხვაზე დადგომის თხოვნით,  კიდევ ერთხელ მოუწოდებს: დროულად გააკეთონ შესაბამისი განაცხადი, რომლის საფუძველზეც მოხდება მათი რეგისტრაცია საარჩევნო სიებში.
 
მზარდი მომართვიანობის გათვალისწინებითა და კონსტიტუციით განსაზღვრული, მოქალაქეთა საარჩევნო უფლების ეფექტურად გამოყენების მიზნით, მოქალაქეებს კიდევ ერთხელ ვთხოვთ:
 

- ყურადღებით გაეცნონ საკონსულო აღრიცხვაზე დადგომის წინაპირობებსა და წესებს, რომლებიც განთავსებულია საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე.

-განმარტებებისათვის დარეკონ საზღვარგარეთ შესაბამის საკონსულო დაწესებულების ან საკონსულო დეპარტამენტის ცხელი ხაზის სატელეფონო ნომრებზე

- აღრიცხვაზე დადგომის თხოვნით მიმართონ საზღვარგარეთ საქართველოს შესაბამის საკონსულო დაწესებულებას/დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან ონლაინ რეჟიმში შეავსონ განაცხადი/ანკეტა (https://geoconsul.gov.ge/HtmlPage/html/View?id=41)  

- გადაამოწმონ საკუთარი მონაცემები შესაბამის საკონსულო დაწესებულებაში/დიპლომატიურ წარმომადგენლობაში  ან განაცხადების ელექტრონულ რეესტრში (https://www.geoconsul.gov.ge/ka/check/application),"- წერია განცხადებაში.

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ჩატარდება საზღვარგარეთ 39 ქვეყანაში გახსნილ 55 საარჩევნო უბანში. მოქალაქეთა საარჩევნო უფლების ეფექტურად განხორციელების და მოქალაქეთა მაქსიმალური ხელშეწყობის მიზნით, საზღვარგარეთ საკონსულო დაწესებულებები გადასული არიან მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე, რაც გულისხმობს მოქალაქეებისათვის არასამუშაო დღეებში საკონსულო აღრიცხვაზე დადგომის შესაძლებლობას." - აღნიშნულია განცხადებაში.

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური საბოლოო შედეგების გამოცხადებიდან ორი კვირის ვადაში ჩატარდება. სავარაუდო თარიღად კი 2 დეკემბერი სახელდება. 

 

მსგავსი სიახლეები

ექსკლუზივი