ზაზა სარალიძე ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას ითხოვს
შაბათი, 03 ნოემბერი, 2018 - 11:44

ზაზა სარალიძე საქართველოს ყოფილ პრემიერს ბიძინა ივანიშვილს მიმართავს და მასთან პირისპირ შეხვედრას ითხოვს. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.

„ჩემი ოჯახი არასოდეს ყოფილა პოლიტიკასთან დაკავშირებული, ვცხოვრობდით მშვიდად, ჩემი ცხოვრება არ ჰგავდა თქვენსას. ჯანმრთელობის გამო მომიწია სამსახურისთვის თავი დამენებებინა, უარი ვთქვი იმ მუნდირის ტარებაზე, რომელსაც დღემდე დიდ პატივს ვცემ. ვცხოვრობდით მშვიდი, ჩვენი ცხოვრებით, დათოსთვის მე ვიყავი მამაც და მეგობარიც. ყოველთვის ვადევნებდი თვალს მის სწავლას, ქცევას. ჩემი შვილი ჩემთვის საამაყო იყო. არასოდეს არც ერთ პედაგოგს ჩემთვის არ უთქვამს დათოზე მნიშვნელოვანი საყვედური, მამა ვარ და ყოველთვის მის გვერდით ვიყავი... ისეთ ასაკში იყო, მეშინოდა, რის გამოც მის სოციალურ ქსელში მიმოწერასაც ვადევნებდი თვალს, რომ რაიმე არ გამომპარვოდა.

მაგრამ, 1 დეკემბერმა წერტილი დაესვა ყველაფერს და ახლა ჩემი მომავლის იმედი, ცხოვრება და მთელი ქვეყნიერება გლდანის სასაფლაოზეა... 

თქვენ კი გამოდიხართ და ბრძანებთ, რომ „ყველამ ხომ ვიცით, რომ ზაზა „ნაციონალების“ კოორდინატორიაო“. ეს სიტყვები ჩემთვის შეურაცხმყოფელია...

...არც გაგჩენიათ სურვილი ჩემთვის მოგესმინათ, ისე აკეთებთ ჩემზე კომენტარებს. თუნდაც წამით შეძელით და ჩემს ადგილზე დადექით, შემომხედეთ თვალებში და გულწრფელად მითხარით - რას იზამდით იგივე თქვენ რომ გადაგეტანათ, მშვიდად დაელოდებოდით სასამართლოს, რომელიც გეცოდინებოდათ, რომ ვერაფერს შეცვლიდა?..

... თქვენ უზნეობა გგონიათ გირგვლიანის საქმისა და ხორავას ქუჩის საქმის შედარება. გირგვლიანი თანამდებობის პირებმა მოკლეს სადისტურად, ჩემი შვილი კი თანამდებობის პირების შვილებმა უმოწყალოდ დაჩეხეს 12 ჭრილობით... შემდეგ კი ორივე საქმის მიმართ სახელმწიფოს მანქანა ამუშავდა, დაფარვისა და გაყალბების ბინძური მეთოდებით...

ბატონო ბიძინა, მოგმართავთ ღია წერილით და ვითხოვ იმის განმარტებას, რატომ მიმართავთ ჩემ წინააღმდეგ ცილისწამებას, ასევე წარმომიდგინეთ მტკიცებულებები, რაც დაადასტურებს „ნაციონალურ მოძრაობაში“ ჩემს კოორდინატორობას.

ასევე მოვითხოვ თქვენთან პირისპირ შეხვედრას, ადვოკატისა და მედიის წარმომადგენლების თანდასწრებით. რადგან საქმე დაძაბულ ჭრილში გადავიდა, ჩემზე ასეთი ბინძური პიარ კამპანია მიმდინარეობს და საზოგადოების დიდ ინტერესსაც იწვევს. შეხვედრაზე მე მზად ვარ მოგაწოდოთ ყველა კითხვაზე დეტალური განმარტება და იგივეს მოვითხოვ თქვენგან, დამისაბუთეთ თქვენს მიერვე გაჟღერებული ფაქტები“, - წერს ზაზა სარალიძე.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა 26 ოქტომბერს ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ზაზა სარალიძე რუსთაველზე ადგილს უნახავს „ნაციონალურ მოძრაობას“ და ის ამ პარტიის კოორდინატორი იყო.

შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობისას მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე პარლამენტის შენობასთან პროტესტს მართავდა და რუსთაველზე კარვის გაშლას ცდილობდა. ერთ-ერთი ასეთი მცდელობისას, პოლიციელზე თავდასხმის გამო ის დააკავეს. სარალიძე 28 ოქტომბერს გათავისუფლდა.

მსგავსი სიახლეები

ექსკლუზივი