დეკოლტეზე მეტი ვარ
ორშაბათი, 15 ოქტომბერი, 2018 - 23:17

ვფიქრობ, ლამაზი ვარ, უსაშველოდ გრძელი ფეხები და ხორბლისფერი თმა არ მაქვს, მაგრამ მაინც ლამაზი ვარ. თვალები მაქვს თაფლისფერი, თუ მწვანე ფერის ზედა მაცვია, თვალები მწვანე ფერს ირეკლავს და ეს ფერი ძალიან მიხდება. ჭკვიანიც ვარ, სხარტად ვაზროვნებ, მათემატიკური ტვინი აქვსო ვერ იტყვი, მაგრამ ტვინის ნაკლებობას განიცდისო ვერც ამას დამაბრალებ. საინტერესო ვარ, მხიარული, ხშირად უცნაური აზრები მომდის თავში, ვფიქრობ, მოგეწონებით. მიყვარს, როდესაც სხვას მოვწონვარ, მიყვარს როდესაც მაქებენ, რა ლამაზი ხარ, ამ სიტყვებს რაც უფრო ხშირად მოვისმენ, მით უფრო მეტად გავბედნიერდები, რა მაგრად ვწერ – ეს კიდევ უფრო მეტად გამახარებს… ამ სიტყვათა წყობას წესით ,,მაგრამ“ არ სჭირდება, მაგრამ სწორედ ,,მაგრამ“ არის ამ ბლოგის დაწერის მიზეზი. მე ლამაზი ვარ და შეგიძლიათ აღფრთოვანებით მიყოროთ, გამიღიმოთ და თუ იმდენად გელამაზებით, რომ მხოლოდ ერთი ნახვა საკმარისი არ არის, წავიდეთ და ყავა დავლიოთ, პარკში გავისეირნოთ, საინტერესო წიგნიც წამიკითხეთ . . .მაგრამ ეს არ გაძლევთ უფლებას ხელი მაისურის ქვემოთ ჩამიცუროთ, ან თუნდაც ფეხზე შემეხოთ. რთული თითქოს არაფერია, მაგრამ თურმე მხოლოდ ერთი შეხედვით. რთულია ბალანსის დაცვა, ვის ველოსიპედის ტარებისას უჭირს და ვის ხელის ჩაცურებისას. ,,წესიერ ქალს არავინ აკადრებს…” ხომ გაქვთ ეს ფრაზა სამასი ათასჯერ გაგონილი? წესიერი ქალი ვინ არის? ქალი რომელიც სამზარეულოში ეწირება ტაფებსა და ქვაბებს, ბრჭყვიალა თვალებით ფენს და აუთოვებს სინქრონში ქმრის ტრუსებსა და წინდებს და გარე სამყაროსთან კონტაქტს წყვეტს, თქვენი აზრით მხოლოდ ის ქალია წესიერი? ან გათხოვების, სწორედ რომ გათხოვების შემდეგ წონაში იმატებს და ათი წლის შემდეგ აღარც მის ქმარს რომ უნდა მასთან სექსი და ისიც ეგუება ასეთ ყოფას, პირადი ცხოვრების არ არსებობას, ასეთი ქალიც წესიერია ალბათ ხომ? ვინ არის წესიერი ქალი, ის რომელიც არ ჩანს და ქრება? წესიერებას, ისევე როგორც სხვა ყველაფერს, ყველა თავისი პერსპექტივიდან ზომავს, მაგრამ საერთო მორალურ-ეთიკური ნორმები ვფიქრობ მაინც არსებობს. ქალი რომ კაცის თანაბარია განათლების მიღების, ჭურჭლის რეცხვის, თუ პარაშუტიდან ხტომის პროცესში, ამაზე ღიად მაინც აღარავინ დაობს, მაგრამ თანაბარუფლებიანობის ბალანსის დაცვა ყოფილა ყველაზე რთული. ,,თქვენ იმდენს იზამთ, კაცებს ყველაფრის სურვილს დააკარგვინებთ…“, არც ეს ფრაზა გექნებათ იშვიათად მოსმენილი. მაპატიეთ, რატომ უნდა დაკარგოს კაცმა ინიციატივა, თუ მეც ისევე კარგად შემიძლია კანონპროექტის მომზადება, როგორც მას? აღნიშნული საერთოდ არ მოდის კვეთაში იმ მოცემულობასთან, რომ ის კაცია, ფიზიკურად ჩემზე ძლიერი და ჩვენი ინტიმური სიახლოვის დროს ჩემგან განსხვავებული ფუნქცია აქვს შესასრულებელი. ის რომ კარგ კანონპროექტს ვწერ და პარალელურად სექსის დროს ჩემს ფუნქციას ვასრულებ, კაცის კაცური თვისების დაქვეითებას და ჩემი ქალურობის შელახვას რატომ იწვევს? რატომ იწვევს დეკოლტე ერთი მხრივ აჟიოტაჟს და მეორე მხრივ უმალ ეჭვის ქვეშ რატომ აყენებს ჩემი ინტელექტუალური განვითარების დონეს? ის რომ მაცვია და მიხდება დეკოლტე, არ გამორიცხავს ჩემს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მაგალითად დასაბუთებულობის, თანამიმდევრულობის, უტყუარობის მაღალ ხარისხ. ლამაზი მკერდი ჩემი სხეულის ნაწილია, ჩემი ნაწილი. ის რომ დეკოლტე მაცვია, ავტომატურად არ ნიშნავს, რომ პირველივე შეთავაზებაზე თქვენი მანქანის უკანა სავარძელზე მინდა აღმოვჩნდები. არა, ხვეწნა არ მინდა და არც თავის დაფასებაა არაფერ შუაში, ეს უბრალოდ კულტურაა, ჯერ კიდევ რომ არ გადაშენებულა ისეთი. ვფიქრობ, ინსტინქტების დონეზე მოქმედების ხანა წარმატებით განვლეთ და ისეთ არაჩვეულებრივ ხანაში გვიწევს ცხოვრება, როდესაც ნებისმიერი ერთფეროვანი პროცესი, ჩვენივე შემოქმედებითი ფანტაზიით შეგვიძლია უკეთესი გავხადოთ, უფრო ემოციურად და მგრძნობიარედ მივიდეთ შედეგთან, როდესაც არც მანქანის უკანა დასაჯდომზე სექსი ჩაითვლება უხამსობად. ყველა ქალს აქვს მკერდი და ისევე როგორც ყველა კაცს აქვს სასქესო ორგანო, ეს არც განსაკუთრებული უპირატესობაა და არც გამართლება, ეს ჩვენი ანატომიაა, რომელსაც არც მიშტერება სჭირდება და არც გაფეტიშება. არა, ნამდვილად ძალიან მარტივია ის რაზეც ვწერ, მაგრამ რატომღაც მაინც გვიწევს ამაზე საუბარი. ჩემს თაფლისფერ თვალებში თუ ჩაიხედავთ და მხოლოდ დეკოლტეს დაინახავთ ეს ჩემი ბრალი ნამდვილად არ არის, იმიტომ რომ ლამაზი თვალების გარდა ვფიქრობ, ბევრი ისეთი თვისება მაქვს დეკოლტეზე მეტად რომ უნდა აღგაფრთოვანოთ. თუ აღფრთოვანება გადაჭარბებული შეფასება გგონიათ, პატივი სცეთ, დაინახოთ მაინც. დიახ, მე ლამაზი ქალი, მაგრამ მხოლოდ ეს არ კმარა ჩემს შესაფასებლად.

არასდროს ვყოფ ადამიანებს ქალებად და კაცებად, არასდროს ვამბობ, რომ ყველა ქალი ქათამია და ყველა კაცი კიდევ ის, რაც თქვენ იფიქრეთ, იმიტომ რომ ეს ასე არ არის. არსებობენ ქათამი ქალები და უგვანო მამაკაცები, მაგრამ არც ყველა ქალია შტერი და არც ყველა კაცია რეგვენი. ცხოვრების მანძილზე ბევრ არაჩვეულებრივ მამაკაცს შევხვედრილვარ, ღირსეულს და საინტერსოს, ჭკვიანს და იუმორით სავსეს, ამიტომ ვფიქრობ ზემოთ აღწერილი პრობლემა მხოლოდ მამაკაცების ბრალი არ არის. არასდროს არ არის ერთი კონკრეტული პრობლემა, მხოლოდ ერთი სუბიექტის ბრალი. ვფიქრობ, ჩვენ ქალებს ჩვენი წილი პასუხისმგებლობა მოგვეთხოვება, ჩვენი წილი ინიციატივის აღება, მეტი ფიქრი და მოქმედებაც მოგვეთხოვება.

ყოველთვის ვიცოდი, რომ ცხოვრებაში მთავარი სიყვარულია, რომ აუცილებლად შევხვდები ერთ ან რამდენიმე ისეთ ადამიანს, რომელთანაც ერთი მთლიანი გავხდები და ბედნიერი ვიქნები. ბედნიერება შეფასებითი კატეგორიაა და ყველას თავის საზომ-საწონი აქვს. მე ჩემი ბედნიერება არაერთხელ ვიპოვე და ამისთვის განგების, დამთხვევის, შემოქმედის მადლობელი ვარ. ისევ ,,მაგრამ“ მჭირდება. მიუხედავად ამისა, არასდროს მიოცნებია კონკრეტულად იმ კაცის ,,ცოლობაზე“, არც ამ სტატუსზე – ,,გათხოვება“ მიოცნებია ოდესმე. ეს სტატუსი, მაპატიეთ უხეშობა დღესაც ფეხებზე მკიდია, იმიტომ რომ როგორც გითხრით მთავარი სიყვარულია, სტატუსით, ან მის გარეშე. ჰარმონიულ ურთიერთობას, როგორც წესი, თვითონ მიჰყავხარ იმ სტატუსთან, როდესაც ქმნი ოჯახს, აჩენ შვილებს და ეს კარგია, ეს არაჩვეულებრივია, მაგრამ ეს თვითმიზანი არ არის, არ უნდა იყოს ჩემი აზრით! არავინ არავის წინაშე ვალდებული არ არის! გათხოვება თუ ოჯახის შექმნა კაცის ქალზე ბატონობას არ ნიშნავს! ნებისმიერი ურთიერთობა და ყველაზე მეტად სწორედ სასიყვარულო ურთიერთობა სხვა არაფერია თუ არა ორის ნებაყოფლობითი კავშირი, იმ ორის ნება გახდეს ერთი მთლიანი და ამ ურთიერთობას არ ჰყავს, არ შეიძლება ჰყავდეს დირექტორი. ძალიან ბევრი ქალი დღესაც, აი ახლაც, იტანჯება იმისგან, რომ ვიღაც რეგვენი კაცი მასზე ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობს. რატომ გამოსდით კაცებს მარტივად ქალებზე ძალადობა? ყველა შეკითხვაზე ბუნებრივია არ მაქვს პასუხი, მაგრამ ვფიქრობ ერთი ვიცი ზუსტად. ის რომ ლამაზი ვარ არ მაკმაყოფილებს, მხოლოდ ეს არ კმარა. თუ უსაშველოდ გრძელი ფეხი და ხორბლისფერი თმა გაქვს, ეს არ კმარა, იმისთვის, რომ ადამიანი გეწოდოს. ქალიცა და კაციც ბევრად მეტია ვიდრე ანატომიური აგებულება და ფიზიოლოგიური მოთხოვნილება. ჯერჯერობით ასეა, რომ მხოლოდ ჩვენ გვიდევს უჯრაში სახელად თავი მრავალ ნაოჭიანი უცნაური შესახედაობის სისტემური წარმონაქმნი – ტვინი, რომელსაც აზროვნება შეუძლია, ანალიზი და დაფიქრება შეუძლია, ინსტინქტებისა და ემოციების მართვა და კონტროლი შეუძლია. ჩვენი ნებაა გამოვიყენებთ თუ არა მას, ჩვენი ნებაა მივცემთ თუ არა ტვინის ნაოჭებს მოქმედების საშუალებას, ერთია, ეს შესაძლებლობა ყველას თანაბრად, სოციალური კუთვნილების, მატერიალური მდგომარეობის, რელიგიური, კულტურული, თუ პოლიტიკური შეხედულების მიუხედავად, უპირატესობების გარეშე მოგვეცა. ჩვენი არჩევანია, სანამ ვიღაცას ბრმად მივთხოვდებით, სანამ სახეში სილის გაწვნის შემდეგ მორჩილებას და ჩუმად ყოფნას ვარჩევთ, სანამ ხელის ჩაცურების, თუ ტრაკზე მოცაცუნების ფაქტებს დეკოლტესა და მოკლე ქვედა ბოლოს დავაბრალებთ, დავფიქრდეთ, რომ ბევრად მეტი შეგვიძლია. ბევრად მეტის უნარი გვაქვს. დღეს მონობის და მორჩილების დრო არ არის, დღეს თავისუფლების და ტავისუფალი განვითარების, ფიქრის და ანალიზის, წინსვლის დროა!

სოლიდარობას ვუცხადებ ძალადობის მსხვერპლ ყველა ქალს, რომელსაც ეყო გამბედაობა და მის მიმართ გამოხატულ ძალადობას ღიად შეებრძოლა, ხოლო მათ ვისაც ჯერ კიდევ არ სჯერა საკუთარი შესაძლებლობებისა და ძალის, გამბედაობას ვუსურვებ. მხოლოდ ის რომ ლამაზი ხარ, საკმარისი არ არის!

FRAU2  წყარო

მსგავსი სიახლეები

ექსკლუზივი