პარლამენტმა კანაფის კონტროლის შესახებ კანონპროექტის განხილვა ორი თვით გადადო
ორშაბათი, 08 ოქტომბერი, 2018 - 23:43

კანონპროექტის განხილვის გადავადების მოთხოვნით, საქართველოს პარლამენტის ბიუროს ჯანდაცვისა და სოციალური დაცვისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტებმა მიმართეს. განცხადებაში ნათქვამია, რომ დამატებითი კონსულტაციების გამო კანონპროექტის განხილვა შეჩერებულია და შესაბამისად, განხილვა უნდა გადავადდეს. ინფორმაციას on.ge ავრცელებს.

კანონპროექტი პარლამენტში 14 სექტემბერს დარეგისტრირდა. ახალმა ამბავმა საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.

15 სექტემბერს ღამით, საკრებულოსთან სასულიერო პირებმა კანაფთან დაკავშირებული პოლიტიკა გააპროტესტეს.

შსს-ს ცნობით, მთავრობის მიერ მარიხუანასთან დაკავშირებით ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებები ითვალისწინებს ქვეყანაში მარიხუანის გასაღების მკაცრ შეზღუდვას.

30 ივლისს საკონსტიტუციო სასამართლომ პარტია „გირჩის“ წევრების სარჩელი დააკმაყოფილა, რითაც კანაფის მოხმარებისთვის ადმინისტრაციული სასჯელი გააუქმა. საკონსტიტუციო სასამართლომ კანაფის მოხმარებაზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა 2017 წლის 30 ნოემბერს გააუქმა.

იმავდროულად საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების ფონზე შსს-მ კანაფის მავნე ზეგავლენის წინააღმდეგ ახალი რეგულაციები მოამზადა.

ასევე ცნობილია, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებაში კანაფის კონტროლის სააგენტო შეიქმნება.

ArtMedia.ge

მსგავსი სიახლეები

ექსკლუზივი