20 წლის კოკა კობალაძის საქმეზე პოლიციის 4 თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლეს
შაბათი, 14 ივლისი, 2018 - 23:05

20 წლის კოკა კობალაძის საქმეზე პოლიციის 4 თანამშრომელი სამსახურიდან დაითხოვეს. შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, გენერალური ინსპექციის მუშაობის შედეგად დადასტურდა, რომ კოკა კობალაძესთან სახლში ნამდვილად იყვნენ პოლიციელები. 
მისივე თქმით, საქმეში არსებული ყველა მასალა გადაეცა გენერალურ პროკურატურას და შს სამინისტრო მზად არის, საჭიროების შემთხვევაში პროკურატურასთან ითანამშრომლოს. 

“მოგეხსენებათ, გუშინ დეპუტატებმა დასვეს კითხვა ერთ-ერთ კონკრეტულ ქეისთან დაკავშირებით, ეს გახლავთ კოკა კობალაძის ქეისი. ამ ახალგაზრდა ადამიანმა გააკეთა განცხადება, რომ მასთან იმყოფებოდნენ პოლიციელები და მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა. გუშინ და გუშინწინ გენერალური ინსპექციის მუშაობის შედეგად დადასტურდა ფაქტი, რომ მასთან სტუმრად იმყოფებოდნენ პოლიციის წარმომადგენლები, კერძოდ, გლდანი-ნაძალადევის რაიონის პოლიციის ორი თანამშრომელი, რომლებმაც ამ ვიზიტის ფაქტი დამალეს. ეს ფაქტი გუშინ დავადგინეთ და იმის გამო, რომ მსგავსი ქმედება აბსოლუტურად მიუღებელია, ჩვენ მივიღეთ დისციპლინური დასჯის უმაღლესი ზომა და ეს ორი თანამშრომელი, მათი უშუალო ხელმძღვანელი და გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს ხელმძღვანელი დათხოვნილი იქნებიან შს სამინისტროს რიგებიდან. მსგავსი დანაშაულის ჩამდენი ადამიანების ადგილი შს სამინისტროს რიგებში არ არის“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ 20 წლის კოკა კობალაძე ღუდუშაურის კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ შეიყვანა. მას სახეზე ზედაპირული დაზიანებები აღენიშნებოდა. კოკა კობალაძის ინფორმაციით, მასთან სახლში პოლიციის თანამშრომლები იმყოფებოდნენ, რომლებმაც ის სცემეს.

ArtMedia.ge

მსგავსი სიახლეები

ექსკლუზივი