მაკედონია ნატოში გასაწევრიანებლად ოფიციალურად მიიწვიეს
ოთხშაბათი, 11 ივლისი, 2018 - 22:43

ნატოს წევრებმა მაკედონია ალიანსში გასაწევრიანებლად ოფიციალურად მიიწვიეს. ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა ბრიუსელში სამიტის პირველ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

იენს სტოლტენბერგის თქმით, მაკედონია შესაძლოა ალიანსის 30-ე წევრი გახდეს. ეს კი მას შემდეგ მოხდება, რაც ქვეყნის სახელწოდების შესახებ შეთანხმება შევა ძალაში. 

მაკედონიას სახელი შეეცვალა და ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკა ეწოდა. ორი ქვეყნის საზღვართან, შეთანხმებას ხელი საბერძნეთის პრემიერმინისტრმა, ალექსის ციპრასმა, მაკედონიის პრემიერმინისტრმა, ზორან ზაევმა და გაეროს გენერალური მდივნის წარმომადგენელმა 17 ივნისს მოაწერეს.

მაკედონიის სახელწოდების შესახებ კამათი 1991 წელს იუგოსლავიიდან დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ დაიწყო. ახლა, როდესაც მაკედონია ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებას გეგმავს, მისი სახელწოდება კიდევ უფრო აქტუალური გახდა. საბერძნეთის ხელისუფლება შიშობს, რომ ამ სახელწოდებამ შესაძლოა ჩრდილოეთ საბერძნეთის პროვინცია მაკედონიასთან დაკავშირებით სირთულეები შექმნას.

მსგავსი სიახლეები

ექსკლუზივი