ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ აგვისტოს ომის რეზოლუციის პროექტი აბსოლუტური უმრავლესობით მიიღო
ოთხშაბათი, 11 ივლისი, 2018 - 22:31

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა რუსეთის ფედერაციას საქართველოს ტერიტორიებიდან სამხედრო ძალების გაყვანის და 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების სრულად შესრულებისკენ მოუწოდებს. ინფორმაციას პარლამენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის სოფიო ქაცარავას თქმით, მიუხედავად, ყველა ეტაპზე რუსეთის მხრიდან დიდი წინააღმდეგობებისა, ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერით, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ რეზოლუცია - „10 წელი აგვისტოს ომის შემდეგ“ მიიღო.

"მადლობას ვუხდი ჩვენი რეზოლუციის თანაინიციატორებს: ამერიკის შეერთებული შტატების, კანადის, გერმანიის, ნორვეგიის, საფრანგეთის, ესპანეთის, ლატვიის, ლიეტუვას და რუმინეთის დელეგაციებს, რომ ასეთი მნიშვნელოვანი დოკუმენტის მიღება შევძელით“, - განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელის ინიცირებული რეზოლუციის მიხედვით, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა რუსეთის ფედერაციას საქართველოს ტერიტორიებიდან სამხედრო ძალების გაყვანის და 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების სრულად შესრულებისკენ მოუწოდებს.

რეზოლუციაში ასამბლეა მიესალმება საქართველოს მთავრობის ახალ ინიციატივას "ნაბიჯი უკეთესი მომავლისაკენ", რაც კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებისა და საოკუპაციო ხაზით დაშორიშორებული საზოგადოების დაახლოებისკენ არის მიმართული.

ასამბლეა ასევე გმობს საქართველოს მოქალაქეების ტატუნაშვილი, ოთხოზორია და ბაშარულის მკვლელობებს და რუსეთის ფედერაციისგან კატეგორიულად მოითხოვს არ შეუშალოს ხელი საგამოძიებო პროცედურებს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად და ხელი შეუწყოს სამართლის აღსრულებას.

7 ივლისს რუსეთის დელეგაციამ ეუთოს ასამბლეაზე საქართველოს რეზოლუციის პროექტის განხილვა გააპროტესტა.

14 ივნისს, ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია სახელწოდებით „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები რუსეთის ინტერვენციიდან 10 წლის შემდეგ“ ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა.

მსგავსი სიახლეები

ექსკლუზივი