„სულაც არ არის აუცილებელი რომელიმე ლიდერის უკან გარე ძალა იდგას“
, 17 ივნისი, 2018 - 11:57

ბოლო პერიოდში, სომხეთში მიმდინარე მოვლენებს, ახალგაზრდა ქართველი კავკასიოლოგი და ჟურნალისტი, სულხან ბორძიკაშვილი შეაფასებს. ჩვენი რესპოდენტი ეთნიკური ქისტია, იგი საქართველოში დაიბადა. 90-იანი წლებში კი მისმა ოჯახმა გადაწყვიტა საცხოვრებლად ჩეჩნეთში გადასულიყვნენ, თუმცა, მაშინ განვითარებული ცნობილი მოვლენების გამო, ის და მისი ოჯახი, სხვების მსგავსად სასტიკ ომს გამოექცა. დღეს სულხანი, ერთ-ერთი იმათგანია, ვინც აქტიურად ადევნებს თვალს კავკასიაში მიმდინარე მოვლენებს, აკრიტიკებს კრემლის პოლიტიკას და აქვს მკაფიოდ გამოხატული პოზიციები მთელ რიგ საკითხებზე. ის პანკისში ცხოვრობს და თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ თავისი რეგიონის ხმაა ქართულ მედიაში, შესაბამისად, საინტერესოა მისი პოზიცია ამჟამად, ერევანში და არა მხოლოდ ერევანში განვითარებულ მოვლენებზე.
 
- თქვენთვის, როგორც კავკასიოლოგისთვის, ჟურნალისტისთვის და აქტივისტისვის, რა მნიშვნელობა, რა როლი აქვს, დღეს სომხეთში განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებს? როგორ შეაფასებთ ოპოზიციონერი ლიდერის პაშინიანის გამოჩენას? 

- ვფიქრობ, რომ სომხეთს სჭირდება დემოკრატიული განვითარება. ქვეყნისთვის ერთ-ერთ ყველაზე დიდ პრობლემას წარმოადგენს კორუფცია, რაშიც სარქისიანის მთავრობას გამუდმებით დებდნენ ბრალს. პაშინიანი ალბათ არის ის ადამიანი, რომელიც ამ სიტუაციას ცოტათი მაინც შეცვლის. თუმცა ამ სისტემის სრულად შესაცვლელად მას დიდი ძალისხმევა დასჭირდება.

-  როგორ ფიქრობთ, სომხეთი უარს იტყვის იყოს რუსეთის მოკავშირე იმ შემთხვევაში თუ ჩვენთან ხელისუფლება შეიცვლება? 

- სომხეთი რუსეთის მოკავშირეობაზე უარს არ და ვერც იტყვის ასე ადვილად, მისი გეოპოლიტიკური მდებარეობიდან გამომდინარე.

- შეგიძლიათ ვარაუდის დონეზე გამოთქვათ მოსაზრება იმის შესახებ თუ ვინ დგას ნიკოლა პაშინიანის უკან? შეიძლება, რომ გარე ძალების მიერ იყოს პროცესი მართული? 

- ამის თქმა ძნელია, სულაც არ არის აუცილებელი რომელიმე ლიდერის უკან იდგეს გარე ძალა. ამის ვარაუდის მიზეზი ნამდვილად არ მაქვს.

-  რამდენადაც ჩვენთვის გახდა ცნობილი, თქვენს ქვეყანაში მოღვაწე ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და ხელისუფლებაზე განაწყენებული საქართველოში მოქალაქეები, დადებითად აფასებენ იმ ფაქტს, რომ ხალხის პროტესტმა სარგსიანის ხელისუფლებას უკან დახევა აიძულა, ეს იმით ხომ არ არის გამოწვეული, რომ მართველმა გუნდმა წარმატებით მოახდინა ოპონენტების და ზოგადად პოლიტიკური პარტიების დისკრედიტაცია? ამბობენ, რომ ქართველ ოპოზიციონერებს უჭირთ ხალხის ქუჩაში გაყვანა... 

- საქართველოში კარგად ხედავენ მეზობელ ქვეყნებში არსებულ სიტუაციას და სომხეთში ნამდვილად არ დგას კარგი სიტუაცია, ალბათ საქართველოში უკეთეს სომხეთს ელოდებიან, უფრო განვითარებულს და დემოკრატიულს, რაც ძალიან სასიხარულო იქნება და მნიშვნელოვანი როგორც სომხეთის მოქალაქეებისთვის, ასევე კავკასიის რეგიონისთვის.

- აქვე, შეგიძლიათ გვითხრათ, როგორია საქართველოს საგარეო ვექტორი დღეს? მკვეთრად პროდასავლური და მკვეთრად ანტირუსული, პროამერიკული, პრორუსული თუ ნეიტრალიტეტზე დებთ ფსონს? აქვე, ამ პასუხში, შეგიძლიათ ქვეყნის, ოფიციალური დეკლარირებულ არჩევანზეც ისაუბროთ და რიგითი მოქალაქეების განწყობებზეც. 

- საქართველოს დეკლარირებული არჩევანი არის ევროატლანტიკური არჩევანი, რომელიც ჩემი აზრით საქართველოს განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია, ამ გზიდან გადახვევა არავითარ შემთხვევაში არ აწყობს საქართველოს არცერთ მთავრობას და თუ ამის მცდელობა იქნება, ვფიქრობ, ქვეყნის მოსახლეობა ამას ადვილად არ დაუშვებს. ჩვენი მოქალაქეები ყოველდღიურად გრძნობენ იმ სიკეთეებს, რასაც ევროპიდან იღებენ, ეს ურთიერთობა უნდა იყოს უფრო მეტად ღრმა, რადგან არსებულ სიტუაციაში უკეთესი ალტერნატივა ქვეყნისთვის არ არსებობს,

-  საინტერესოა, როგორ ჩანს სამხრეთით მდებარე ერთ-ერთი მეზობელი ქვეყანა - სომხეთი, საქართველოდან? მიუხედავად იმისა, რომ საუკუნეების განმავლობაში ისტორია საერთო ტრაგედიების თანაზიარს გხდიდათ, ამბობენ რომ არმენოფობიული განწყობები დღემდე აქტუალურია რიგ ჯგუფებში. როგორ ფიქრობთ სად უნდა ვეძებოთ პრობლემის სათავე?                         

- პრობლემის სათავეების ძიება საკმაოდ რთული იქნება, თუმცა საქართელოში ეს შეიმჩნევა მცირე ჯგუფების მხრიდან, თუმცა ამავე ჯგუფებში არსებობს როგორც არმენოფობია, ასევე ისლამოფობია, თურქოფობია, ვფიქრობ, ეს არ ახდენს დიდ გავლენას მთლიან მოსახლეობაზე და ასეთი პატარა ჯგუფები ყოველთვის ყველა ქვეყანაში არსებობენ.

-  თქვენ თავად ეთნიკური ქისტი ხართ, ცხოვრობთ რეგიონში, რომელიც ხშირად ხდებოდა პუტინის და კადიროვის კრიტიკის ობიექტი, კრემლიდან არაერთხელ გამოუშვერიათ თითი - თქვენს მხარეს ტერორისტების ბუდეს უწოდებდნენ, რითაც ირიბად ადანაშაულებდნენ ქართულ ხელისუფლებებს (სხვადასხვა დროს) უკანონოდ შეიარაღებული ფორმირებების მფარველობაში, შესაბამისად, ამ კითხვაში რამოდენიმე საკითხს გავაერთიანებ - როგორ ცხოვრობთ დღეს ახმეტის რაიონში და მიმდებარედ, დასახლებული ქისტები, რამდენად ახდენთ დანარჩენ საქართველოსთან ინტერგაციას და არის თუ არა საფუძველს მოკლებული ჩრდილოეთიდან პერიოდულად წამოსული მძიმე ბრალდებები? 

- რუსეთის ხელისუფლების მხრიდან წამოსული ბრალდებები, თითქოს საქართველოში არსებობს ტერორისტული ბაზები და ფორმირებები, არის სრული ტყუილი, რასაც ის ნამდვილად ხშირად იყენებს, ამაში საკუთარ მედიასაც აქტიურად რთავს-ხოლმე, თუმცა რა თქმა უნდა ეს სრული სიცრუეა და მსგავსი რამე ნამდვილად არ ხდება. ერთ-ერთი ასეთი ბრალდების პასუხად, საქართველოს პრეზიდენტი ეწვია პანკისს და იქიდან გააკეთა განცხადება ამ თემის შესახებ. რუსეთს პერიოდულად ასეთ განცხადებებს იყენებს ძირითადად საკუთარი მოსახლების ,,გამოკვებისთვის” და რა თქმა უნდა საერთაშორისო საზოგადოება ამ ტყუილს არ იჯერებს. იყო პრობლემები სირიაში გადინებასთან დაკავშირებით, თუმცა თავად რუსეთიდან აისისში წასულთა რიცხვი შეიძლება ითქვას ასჯერ აღემატებოდა, ვიდრე საქართველოდან, რუსეთში დღემდე ჩანს აისის-ის დაქვემდებარებული დაჯგუფებები, ეს ცნობილი ფაქტია.

-  და ჩვენი ინტერვიუს დასასრულისკენ, რა საერთო პარალელების გავლება შეიძლება 2003 წლის ვარდების რევოლუციასა და ამ საგაზაფხულოდ ერევანში რესპუბლიკის მოედანზე დაწყებულ მოვლენებს ?

- ამ თემაზე ნამდვილად არ შემიძლია პარალელების გავლება, არ ვიცნობ ასე სიღრმისეულად ამ ორ თემას.

 

ანტონ ევსტრატოვი

 

ArtMedia.ge

მსგავსი სიახლეები

ექსკლუზივი