"მოხარული ვარ, რომ გაცილებით მძიმე შედეგებზე არ გვიწევს საუბარი"
ოთხშაბათი, 31 იანვარი, 2018 - 10:56

ბოლო მონაცემებით, მეტროსადგურ „ვარკეთილში“, ჭერის ჩამონგრევის შედეგად დაშავებული მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ყველა დაშავებული სხვადასხვა კლინიკებშია მოთავსებული და შესაბამის მკურნალობას განაგრძობენ.

„ყველა მათგანი თავს უკეთ გრძნობს და მინდა, თითოეულ მათგანს ძალიან მალე გამოჯანმრთელება ვუსურვო. მოხარული ვარ, რომ დღეს გაცილებით მძიმე შედეგებზე არ გვიწევს საუბარი, თუმცა ფაქტი, რაც მოხდა, ძალიან სამწუხაროა. თითოეული ჩვენთაგანი გამოძიების შედეგებს ველოდებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება მეტროსადგურ „ვარკეთილის“ მუშაობას, თბილისის მერის განცხადებით, დღეს, 06:00 საათიდან მეტროსადგურმა მუშაობა განაახლა და დედაქალაქის მოსახლეობას ჩვეულ რეჟიმში ემსახურება.

 

მსგავსი სიახლეები

ექსკლუზივი