„ბურჭულაძისთვის ხელისუფლებასთან კოალიცია ნებისმიერ შემთხვევაში წამგებიანი იქნება“
პარასკევი, 20 ნოემბერი, 2015 - 16:52

ექსპერტ  გია ხუხაშვილის შეფასებით, ნაკლებად მოსალოდნელია პაატა ბურჭულაძე და მისი გუნდი „ქართულ ოცნებასთან“, ლევან ვასაძესთან, ან პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან კოალიციაში ვიხილოთ.

როგორც „ვექტორს“ ხუხაშვილმა განუცხადა, ხელისუფლებასთან კოალიციის შექმნა, თავად პაატა ბურჭულაძის პარტიისთვის იქნება წამგებიანი, რადგან  ის, იმ ამომრჩევლის ხმების მოპოვებას უნდა შეეცადოს, რომელიც არჩევანის მიღმაა დარჩენილი და მისთვის მისაღებ პოლიტიკურ ძალას ელის.  

„ბურჭულაძეს თუ ქართულ პოლიტიკაში მოსვლა უნდა, ხელისუფლებასთან კოალიცია ნებისმიერ შემთხვევაში წამგებიანი იქნება.  ის იმ ძალაუფლების შესრუტვას უნდა შეეცადოს რომელიც ქუჩაშია“, - განაცხადა ხუხაშვილმა და დასძინა რომ პაატა ბურჭულაძის პარტიასთან პრეზიდენტის ალიანსსაც გამორიცხვას და მისი ყოფილი მრჩევლის ვანო მაჭავარიანის ბურჭულაძის წრეში გამოჩენა, მომავალში ამ პარტიის პრეზიდენტთან შესაძლო ალიანსზე ნამდვილად არ მიუთითებს.

„ვანო მაჭავარიანი სხვა ფაქტორია. პრაქტიკულად ქართული პოლიტიკური ელიტა ძალიან მწირია. ყველა საიდანღაც მოდის. ძნელია ისეთი ადამიანების პოვნა, რომლებიც არსად არ ყოფილან. ვანო მაჭავარიანი სანამ პრეზიდენტის მრჩეველი გახდებოდა,  სხვაგან იყო.  აქედან დასკვნებს ვერ გავაკეთებთ. რაც შეეხება თავად  პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს, ვფიქრობ, გამორიცხულია ვინმესთან პოლიტიკურ ალიანსში ვიხილოთ. მან უნდა შეინარჩუნოს პოლიტიკური ნეიტრალიტეტი, ყველა პოლიტიკური ძალისთვის თანაბრად უნდა გახსნას პოლიტიკური სივრცე და არ იყოს მიკერძოებლი ვინმეს მიმართ. აქედან გამომდინარე დღევანდელი გადასახედიდან პაატა ბურჭულაძესა და გიორგი მარგველაშვილს შორის, პარტნიორობის კონტურები არ იკვეთება. კონსულტაციები და საუბრები ყოველთვის შეიძლება იყოს, ეს არაფერს  ნიშნავს“, - განმარტავს  ექსპერტი.

რაც შეეხება იმას, შესაძლოა თუ არა ლევან ვასაძე და პაატა ბურჭულაძე ერთ კოალიციაში ვიხილოთ, ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ ბურჭულაძის გუნდის გათვალისწინებით, ვასაძისთვის მათთან ურთიერთობა კომფორტული არ იქნება.

„ვასაძის და ბურჭულაძის შეხედულებებში გარკვეული კვეთა შესაძლოა იყოს,  მაგრამ  თუ გავითვალისწინებთ პოლიტიკურ პერსონებს, ვინც ბურჭულაძემ გარშემო შემოიკრიბა, ვფიქრობ, ლევან ვასაძისთვის მათთან პარტნიორობა კომფორტული არ იქნება. ამიტომ მათ ალიანსს სკეპტიკურად ვუყურებ, ისვეე როგორც ლევან  ვასაძის პოლიტიკაში შემოსვლას. ვასაძეს უნდა, რომ  ქართულ საზოგადოებაში აქტუალური  და  მოთხოვნადი პერსონა იყოს, თუმცა პოლიტიკა მას იმდენად არ აინტერესებს, რამდენადაც საკუთარი თავის, როგორც ღირებული ავტორიტეტის წარმოჩენა ქართულ  სინამდვილეში“, - დასძინა ექსპერტმა.

ხუხაშვილი თვლის, რომ ბურჭულაძის თანამშრომლობა თეორიულად შესაძლებელია ირაკლი ალასანიას გუნდთან.

„მათი პარტნიორობა თეორიულად შესაძლებელია. ალასანიას პარტიისთვის ეს შეიძლება  საინტერესო იყოს. დღევანდელი მოცემულობიდან გამომდიანრე, „თავისუფალ დემოკრატებს“  ნამდვილად სჭირდებათ ის, რისი მიცემაც ბურჭულაძის ფიგურას შეუძლია, მაგრამ თავად ბურჭულაძეს რამდენად აწყობს ამას სკეპტიკურად ვუყურებ. ერთადერთი,  რის გამოც შეიძლება აწყობდეს, „თავისუფალი დემოკრატების“ პარტიული ინფრასტრუტურაა, რისი შექმნაც ბურჭულაძეს ამ ეტაზპე ძალიან გაუჭირდება და მზა ინფრასტრუქტას შეისრუტავს. თუმცა ბურჭულაძესა და ალასანიას შორის ფუნდამენტურ ფასეულობებში  ისეთი  კონფლიქტია, არამგონია ეს შეძლონ.  არის  გარკვეული საკითხები,  რაშიც ისინი ვერ შეთანხმდებიან. ამის დაკონკრეტება ჯერ არ მინდა. რაც შეეხება სხვა პოლიტიკურ ძალებს ბურჭულაძე მათთან თანამშრომლობით ვერავითარ დივიდენტს ვერ მიიღებს. ზოგადად კოალიციებზე საუბარი ჯერ ძალიან ნაადრევია. ახლა მხოლოდ ზოგადიმონაცმეებით შეგვიძლია მსჯელობა“, - აცხადებს გია ხუხაშვილი.

 

მარი ონეზაშვილი

მსგავსი სიახლეები